,,სანქციების განხილვა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გახლავთ აბსოლუტურად უსამართლო”- არჩილ თალაკვაძე

,,სანქციების განხილვა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გახლავთ აბსოლუტურად უსამართლო, რადგან სწორედ მისი ლიდერობით ქვეყანაში შეიცვალა ძალადობრივი რეჟიმი,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

უმრავლესობის წევრმა უპასუხა კითხვას, გახდება თუ არა  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტი, გარკვეული პირებისთვის  სანქციების დაწესების წინაპირობა.

“სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია, გუშინ მოვისმინეთ ქალბატონი დეკანოიძის აღიარება, რომ სანქციებზე „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს და ეს მათი უპირველესი ამოცანაა, როცა ვხედავთ, რომ უკრაინაში ცალკეული პოლიტიკური პირები ეხმაურებიან იმას, რასაც აქ ამბობს “ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა ვრწმუნდებით , რომ სანქციებზე საუბრის უკან დგას პირადი და ვიწროპოლიტიკური მიზნები “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მოკავშირეების. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს და იმ სიას, რომელშიც რამდენიმე ადამიანს აქვს აშშ-ის და ბრიტანეთის მოქალაქეობა, მინდა გითხრათ, რომ სანქციების განხილვა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გახლავთ აბსოლუტურად უსამართლო, რადგან სწორედ მისი ლიდერობით ქვეყანაში შეიცვალა ძალადობრივი რეჟიმი, გაუმჯობესდა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომაროება, ბიზნესი გახდა თავისუფალი და 4- ის ნაცვლად 20 ტელევიზია მაუწყებლობს, დემოკრატიის ნებისმიერი მიმართულებით გვაქვს არსებითი პროგრესი და ეს აშშ-ის და ევროკავშირის სახელმწიფო ანგარიშებში იყო არაერთხელ შეფასებული, შესაბამისად, თუ ვინმე განიხილავს სანქციებს, პირველ რიგში მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, განცხადებები კი არ უნდა აკეთოს, რომ ეს მათი პარტიული ამოცანაა, სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია, ამ შემთხვევაში სპეკულატიურად და უსამართლოდ მიდის საუბარი სანქციებთან დაკავშირებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, USAID-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის  მიხედვით, ბოლო ათწლეულში ნათელი გახდა, რომ უმდიდრესმა ოლიგარქმა საქართველოში მიიტაცა სახელმწიფო, მათი (საერთაშორისო გამჭვირვალობა) კვლევა სწავლობდა კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობას, საქართველოს მზარდ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესებს რუსეთში“.

მსგავსი თემები