,,არ მგონია, ლომჯარია ვინმესთვის ავტორიტეტი იყოს, მათ შორის ოპოზიციაშიც”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის წესის შესახებ უმრავლესობის  მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.

კობახიძის თქმით, ნინო ლომჯარია არის ბევრად პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტია.

„გუშინ გამოჩნდა, რომ ნინო ლომჯარია არის ბევრად პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტიაც კი. ეს არის დღესავით ნათელი. ამის მიზეზი რა არის, ყველამ კარგად იცის. სახალხო დამცველის უპრეცედენტო ინიციატივა წარმოვადგინეთ. ეს პროცესი რამდენიმე ფაზად იყოფა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, მას არ გონია ნინო ლომჯარია ვინმესთვის ავტორიტეტი იყოს.

„რაც შეეხება შეფასებას, არასამთავრობო სექტორზეა მინდობილი, კანდიდატების დასახელება – ოპოზიციაზე. ამის იქით, არ ვიცი, სად უნდა წავიდეთ. მაშინ, პარლამენტიდან უნდა წავიდეთ და ამათ ხელისუფლება დავუთმოთ. პროცედურის 80 პროცენტი ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს ჩავაბარეთ. აქაც რომ ცდილობენ, კრიტიკის რაღაც საბაბი მოძებნონ, ეს პოლიტიზებაზე მეტყველებს. არ მგონია, ლომჯარია ვინმესთვის ავტორიტეტი იყოს, მათ შორის ოპოზიციაშიც არ არის ავტორიტეტი. თუ ვინმეს მისი განცხადების გამოყენება პოლიტიკური თამაშისთვის უნდა, შეიძლება, გამოიყენოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები