პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ახალი პროცედურების შესახებ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, 88-ხმით, პირველი მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

 „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება, დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.

 „ეს არის ცვლილება რომელიც დაკავშირებულია 12 პუნქტიანი გეგმის მეთორმეტე საკითხთან და  სახალხო დამცველის არჩევას უკავშირდება. მოქმედ სახალხო დამცველს მოქმედების ვადა ეწურება მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ამოცანა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განვახორციელოთ პროცედურების ისე დაგეგმვა, რომ დროულად, ამ თარიღებამდე უზრუნველვყოთ პროცესი სწორედ იმ სტანდარტებისა და იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია თორმეტ პუნქტიანი გეგმის ფარგლებში და ამავდროულად  ამ საკითხის მარეგულირებელი და მომწესრიგებელი არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად“, – განაცხადა მომხსენებელმა.

 მან წარმოდგენილი ცვლილების არსზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ რეგლამენტის პროექტით დგინდება საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას. კერძოდ, პროექტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს კანდიდატურები წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაც განსაზღვრულია 9 წევრით და რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა.

 პროექტის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ კანდიდატები იმ პირთაგან, ვინც მიმართავს საქართველოს პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. განისაზღვრება, რომ წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს არჩევის პროცესში პარლამენტისთვის კანდიდატურების მრავალფეროვნების შექმნას. მომხსენებლის განმარტებით,  აღნიშნული ცვლილების განხორციელებით მოხდება საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა.

მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. გამოითქვა მოსაზრებები.

 მოგვიანებით გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა 88 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

 დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა კენჭისყრით მიიღო გუშინ, მესამე მოსმენით განხილული კანონპროექტთა პაკეტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე“.

 

მსგავსი თემები