,,ეს სია ისეთი აბსურდულია, რომ მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ”- ირაკლი კობახიძე სანქციებზე

,,უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ,” – ასე ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე   უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიას, რომელიც 12 ქართველის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას შეეხება.

კობახიძის თქმით,  უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია სრული აბსურდია.

„ეს სია უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოიტანა, რომელსაც ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს. ანუ, საქმე რასთან გვაქვს, ყველა ძალიან კარგად ხედავს. დღეს, უკრაინას ორი ძირითადი პრობლემა აქვს – ომი და კორუფცია, რაშიც უკრაინა იხრჩობა და ამას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები დაკავებული არიან აბსურდით და არახამიას რაღაც სურვილებით, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. როგორი სიაც არ უნდა დაიდოს, როგორც საკუთარ ქვეყანაში კორუფცია ვერ აღმოფხვრეს, ასევე წარუმატებელი იქნება მათი ნებისმიერი ასეთი აბსურდული ინიციატივა. ვიღაცისთვის სანქცირება შეიძლება, არის შანტაჟის ინსტრუმენტი, მაგრამ რა ინიციატივაც არ უნდა წარმოადგინონ, ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს და ვერ გვაიძულებს იმას, რომ აქ ომი გავაჩაღოთ. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთი ხელით გვეუბნებიან, რომ ომში არ ვერთვებით და მეორე ხელით გვაშანტაჟებენ. ეს სია ისეთი აბსურდულია, რომ არ ვიცი, ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ. ეს სია თავიდან ბოლომდე აბსურდულია,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს – (mcm.ge)

მსგავსი თემები