,,ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მიზნით”- ასოცირების საბჭო

ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ერთობლივ განცხადებას პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ. განცხადებაში ნათვამია, რომ  ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით.

„ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენდერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებსა და ქალებისადმი, ასევე უმცირესობებს მიკუთვნილი პირების მიმართ განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა,  ასევე, ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ევროკავშირმა განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას ინკლუზიური მიდგომისთვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო კონსულტაციების საწარმოებლად.

ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები