,,რადიკალურმა ოპოზიციამ წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან“- ანრი ოხანაშვილი

,,იმ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უარს ამბობდნენ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა,  12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში პასუხისმგებლობა თანაბრად დააკისრა საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას.

„ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა არის დიდი მონაპოვარი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. ასევე, მოვისმინეთ შეფასებები, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე სრულიად ოპოზიციურ სპექტრს. მოვისმინეთ მოწოდებები, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს ნიშნავს, რომ იმ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უარს ამბობდნენ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი, რომ ისინი არ არიან მოწადინებულნი ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და საბოლოოდ, ევროკავშირში წევრობის მინიჭებისთვის. ეს არის სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს მოხდა და რადიკალურმა ოპოზიციამ წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: ,,ეს პროცესი არის ეროვნული ძალისხმევა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მთელმა საზოგადოებამ”

მსგავსი თემები