,,ჩვენი შეფასება გავაცანი პარტნიორებს იმ სფეროებში, რომლებსაც გარკვეული წუხილი უკავშირდება – სასამართლო სისტემა, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება”- ბორელი

,,ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„დღევანდელი შეხვედრა, მეშვიდე საბჭოს სხდომა იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ეს სხდომა ცხადჰყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მოუთმენლად ველი საქართველოში წინსვლის ნახვას ამ გზაზე და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ძალები საქართველოში ამ ისტორიულ შესაძლებლობას გამოიყენებენ და ძალისხმევას გაზრდიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს”,- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგი ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია.

„მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რაზეც საუბარი გვქონდა საბჭოზე, რომელსაც დღეს ვატარებდით. ეს არის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე საკითხი, მასზე დღესაც ვისაუბრეთ და მომავალშიც ვისაუბრებთ. ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ  და შეგვიძლია ღიად ვისაუბროთ ამ საკითხზე, როდესაც ეს საკითხი შესრულდება. ხაზი უნდა გაესვას, რომ მეტი ძალისხმევა არის ამ მიმართულებით საჭირო. ჩვენი შეფასება გავაცანი პარტნიორებს იმ სფეროებში, სადაც საქართველოს გარკვეული წუხილი უკავშირდება: სასამართლო სისტემა, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მათ შორის მზარდი პოლიტიკური წნეხი, საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მედია. ეს სფეროები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ როცა საუბარია ევროპულ ფასეულობებზე და პრინციპებზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ საკითხებს მოაგვარებს და მთელი პოლიტიკური სპექტრი, უპირველეს ყოვლისა მთავრობა და ასევე სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთვება ამაში. ჩვენ ამ სიტუაციას ვაკვირდებით, მათ შორის სეპარატისტული რეგიონებიდან მომდინარე ინფორმაციას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით და ჩვენი სამოქალაქო მონიტორინგის მისიის საშუალებით“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები