ცხოველის წამება პატიმრობით ისჯება – რას ავლდებულებს კანონმდებლობა შინაური ცხოველის პატრონს?!

ქალაქ თბილისის ცხოველთა მონიტორინგი სააგენტო ცხოველების მეპატრონეებს აფრთხილებს და მათ  საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მეპატრონე პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და კეთილდღეობაზე.

მეპატრონე ვალდებულია ცხოველს მოუაროს, მისი ჯიშის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად, კერძოდ უზრუნველყოს:

  • ცხოველის სათანადო კვება და დაწყურება;
  • ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა – მოწყობა, დათბუნება და განათება;
  • ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა;
  • ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ – ჰიგიენური პირობების შექმნა.

პატრონი ასევე ვალდებულია:

განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია;

უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით;

უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში.

უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ქირურგიული (სტერილიზაცია/კასტრაცია), ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.

ცხოველის გასეირნებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ:

07:00 საათიდან – 23:00 საათამდე ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი სივრცეებისა, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელით და ალიკაპით, ხოლო მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.

23:00 საათიდან – 7 საათამდე, ნებადართულია: მოკლე საბმელით, საბმელით და ალიკაპით, ან ალიკაპით საბმელის გარეშეც.

დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება.

ცხოველების მეპატრონეების ვალდებულებების შესახებ იხილეთ – ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 2015 წლის 6 აპრილის N7-28 დადგენილება.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად,

ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, − ისჯება 120-დან 240 საათამდე შინაპატიმრობით, ვადით – 6 თვიდან 1 წლამდე; ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-დან 400 საათამდე; შინაპატიმრობით, ვადით 1-დან 2 წლამდე; ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

 

მსგავსი თემები