,,წარსულს ჩავაბარეთ წლები, როცა ხდებოდა ტყეების გაჩეხვა, სპორტულ მოედნებზე სამშენებლო სამუშაოები”- კახა კალაძე

საბედნიეროდ, ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს, როცა ტყეების გაჩეხვა ხდებოდა, როცა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ხდებოდა, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას თბილისში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხანძარი მიზანმიმართულად გაჩნდა, რათა აღნიშნულ ტერიტორიებს სტატუსი მოეხსნას.

„საბედნიეროდ, ჩვენ ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, როცა ტყეების გაჩეხვა ხდებოდა, როცა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ხდებოდა. ეს იყო ზუსტად თქვენი ხელისუფლების პირობებში, როცა ამას აკეთებდით და არაერთი მნიშვნელოვანი სივრცე დავუბრუნეთ ჩვენ, პირადად მე, დედაქალაქს, რაც მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს დამოკიდებულება გვექნება. იმ ადამიანებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ალბათ, უფრო მეტი წაიკითხონ ურჩევნიათ. რაც შეეხება ზონებს, როცა სტატუსის მინიჭება ხდება, იმით არ არის გათვალისწინებული, რომ იმ არსებულ ტერიტორიაზე აუცილებლად ხე-მცენარეები ან ტყე იყოს, ამით არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ან როცა ლანდშაპტურ-რეკრეაციული ზონის მინიჭება ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ტყე უნდა იყოს, ან აუცილებლად ხეები უნდა იყოს“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დააგვიანა სახანძრომ ადგილზე მისვლა, კალაძე პასუხობს, რომ ეს „სიცრუეა“.

„ეს არის ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე, თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს თქვენი ყოველდღიური დღის წესრიგია და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას. ჩვენ გვყავს გმირი მეხანძრე-მაშველები, მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მათ ბორჯომის ხეობაში გააკეთეს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, თუ როგორ ემსახურებიან ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, თავისი სიცოცხლის ფასადაც მზად არიან ყოველდღიურად ემსახურონ ჩვენ სამშობლოს. თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობთ ყოველდღიურად ამ ადამიანებს ტალახი ესროლოთ, შეურაცხყოთ და ჩრდილი მიაყენოთ, არაფერი გამოგივათ, შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ბინძური კამპანია, საზოგადოების მხრიდან ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და ზუსტად არჩევნები არის ყოველთვის გადამწყვეტი. მეხანძრე-მაშველები ჩვენი გმირი ადამიანები არიან, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, „ტვ პირველი“, რომელიც სიბინძურით, სიცრუით, ცილისწამებით ხართ დაკავებული, რაც არ უნდა ამ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოთ, ტალახი ესროლოთ, საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ხედავს მათ გმირობას, მათ საქმიანობას და ქედს ვიხრი ამ ბიჭების წინაშე“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები