საკუთარ პოზიციაზე ღიად საუბარი დისციპლინის დარღვევად არ უნდა ფასდებოდეს – გედევან ფოფხაძე

საპარალამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია თანაპარტიელების მხრიდან არადისციპლინირებულ ქცევად შეფასდეს, პოლიტიკოსის მიერ, საჯარო სივრცეში საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვა. 
 
როგორც გედევან ფოფხაძე აცხადებს, მსგავსი მიდგომა მისთვის მიუღებელია და მიაჩნია, რომ ასეთი განცხადებებით “ქართული ოცნება”, გარკვეულ წილად ექსპრეზიდენტ სააკაშვილის “რეჟიმის გამართლებას” ახდენს.

ფოფხაძის განცხადებით, იგი არ იზიარებს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს პათოსს და ამბობს, რომ ​მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვის საშუალება ჰქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში ის ვინმესთან პიროვნულად არის დაპირისპირებული. 

მისივე შეფასებით, დისციპლინას განსაზღვრავს შიდაპარტიული დემოკრატია, რომელიც მაღალ დონეზე უნდა იყოს.

“​არავისთან მიჩხუბია. ვაპირებ შევიდე და მოვისმინო პოზიციები. ერთ-ერთი პრინციპული საკითხია, რომ სასამართლოს თემაზე უნდა იყოს საჯარო განხილვები, მე უნდა მქონდეს იმის საშუალება, რომ თქვენთან მოვიდე და ჩემი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირო. ეს არ უნდა ჩაითვალოს არადისციპლინირებულ ქცევად. სკოლაში ხომ არ ვართ? რა დისციპლინაზეა საუბარი? თუ დისციპლინა გვინდა შიდაპარტიული დემოკრატია უნდა გვქონდეს მაღალ ხარისხში, რაც არ გვაქვს, აქედან გამომდინარე ველოდები, რომ ჩვენ ყველას გვექნება იმის საშუალება რომ საჯარო სივრცეში ბოლომდე, ამომწურავად ვისაუბროთ ყველა თემაზე”, – განუცხადა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, პოლიტიკური გაერთიანებები თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული და არავინ პარტიულ პატიმრობაში არ იმყოფება.

“არ მგონია, რომ “ქართული ოცნების” გუნდის შექმნაში და მის პოლიტიკურ წარმატებაში მონაწილეობა არ მქონდეს მიღებული. ჩვენი ძალიან ბევრი რიგითი წევრი დარჩა გაწბილებული იმის გამო, რომ “ოცნებამ” ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რაც მათთვის არ იყო მისაღები. არ მგონია თანაგუნდელებზე უარის თქმა ასეთი მარტივი იყოს”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, გედევან ფოფხაძის აზრით, პარტიის თავმჯდომარე არ უნდა იყოს მხარე, ის უნდა იყოს მედიატორი, მან განსხვავებული პოზიციები უნდა შეაჯეროს. 

მსგავსი თემები