,,ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით, აკრძალეს არტისტები რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას”- მაქსიმ გალკინის კონცერტი გაუქმდა

თბილისში, სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს დაგეგმილი მაქსიმ გალკინის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბილეთები ჯი” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ბილეთები ჯი” კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ  3 კონცერტის ორგანიზატორს, დარბაზებმა უარი უთხრეს ღონისძიების ჩატარებაზე. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

,,ამ დღეებში გახდა ცნობილი რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე. ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე. თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გაღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ? სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას. დღეს დღეისობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახ. დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს) არის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს – გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს. მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს,”- ნათქვამია “ბილეთები ჯის” განცხადებაში.

მსგავსი თემები