„დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ტენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვითარება უცვლელია.

„ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირეებში, კერძოდ: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის“ – აცხადებს ცერცვაძე.

ინფექციონისტის შეფასებით, საქართველოში ვითარება სტაბილურია.

„საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების მცირე მატების ტენდენციით, კერძოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 13 737 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირას იყო 12 535 ახალი შემთხვევა. სადღეისოდ ქვეყანაში არის COVID-ის 13 299 აქტიური შემთხვევა. მათგან კლინიკებში მკურნალობს 930 პაციენტი (7%), ხოლო დანარჩენი 12 369 პაციენტი მკურნალობს ბინაზე.

ბოლო 1 კვირის მანძილზე სულ ჩატარებულია 76 704 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 17,91%, ხოლო ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (RT): 1.08, რაც ინფექციის ზომიერ გავრცელებაზე მიუთითებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – COVID ახალი შემთხვევების მატების და ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 3 (სამი) შემთხვევა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საქართველოსთვის და არამარტო საქართველოსთვის – ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, COVID პანდემიის ბოლო 2 წლის მანძილზე (წინა კვირეებში იყო გარდაცვალების 6-8 შემთხვევა, რაც ასევე ძალიან დაბალია)“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

მსგავსი თემები