ულტრალიბერალიზმის შედეგად საქართველო ულტრარადიკალიზმის საფრთხის წინაშე დგას – თამარ ჩიბურდანიძე

 

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე და პოლიტიკური მკვლევარი თამარ ჩიბურდანიძე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 12 მაისს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და გამოსავალს  დემოკრატიული და ეროვნული ფასეულობებით სამოქალაქო კულტურის ამაღლებაში ხედავს.
მისი აზრით, რაც დღეს ხდება საქართველოში, მთელი ევროპის პრობლემაა. ულტრალიბერალიზმის მასობრივად გამეფებულმა იდეოლოგიამ წარმოქმნა ულტრარადიკალიზმი, რაც თანმდევი პროცესია და რაც თანაბრად საშიშია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. ამ საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველოც.

თამარ ჩიბურდანიძე შიშობს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე არ დასრულებულა და არც გუშინ დაწყებულა.

“ეს არ დაწყებულა გუშინ. სხვადასხვა თემაზე სხვადსხვა დროს ჩვენ ვხედავდით სწორედ ამ ორი განსხვავებული იდეოლოგიის მოქალაქეებს შორის მკვეთრ დაპირისპირებას, რომელიც თანდათან მძაფრდებოდა. რუსთაველის მოვლენები ამ ეტაპისთვის იყო პიკი.  რატომღაც მჯერა, რომ როგორც ყოველთვის, არც ამ ფაქტის შემდეგ გამოვიტანთ სწორ დასკვნებს, რამ გამოიწვია ქვეყანაში ორი რადიკალური ფრთის წარმოქმნა?  ლიბერალური ღირებულებები ყველა მოქალაქისთვის მისაღებია და ამას არავინ აპროტესტებს. მაგრამ, როდესაც ტრადიციულ და ძლიერი რელიგიური მრწამსით გამოხატულ სახელმწიფოში, ულტრალიბერალურ ღირებულებებს აფუძნებ, აუცილებლად ეწინააღმდეგები და უარყოფ რაღაცას. სწორედ ეს რაღაც არის ის ფასეულობები, რომელსაც საზოგადოების მეორე ნაწილი იცავს”, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

​​მისივე თქმით, ​ულტრალიბერალიზმი წარმოშობს ულტრარადიკალიზმს და ორივე საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის. ევროპული სახელმწიფოებიც კი დღეს ამ საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ აუცილებელია ქვეყნის ტრადიციების პატივისცემა და სიახლეების გონივრულად მიღება.

“იქ, სადაც ბევრად უფრო მაღალია სამოქალაქო განათლება, ულტრალიბერალურმა მიდგომებმა რადიკალების გაძლიერება გამოიწვია. ამიტომ, აუცილებელია პატივი ვცეთ ქვეყნის ტრადიციებს და სიახლეები მივიღოთ არა სხვისი გაღიზიანების ან შეურაცხყოფის ფასად, არამედ გონივრულად. ასეთივე გონიერება და პატივისცემა მართებს მეორე მხარესაც”, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

იგი მადლობას უხდის ძალოვან სტრუქტურებს, რომ დაძაბული ვითარება მშვიდობიანად განიმუხტა, როდესაც რუსთაველის გამზირზე ერთი მხარის პროვოკაციულ აქციას ხალხის გაღიზიანება და კონტრაქცია მოჰყვა.

მსგავსი თემები