,,საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს ადამიანს, რომელიც ფლობს ქვეყნის მშპ-ს 30 %-ს – მსგავსი რამ მსოფლიოში არ არსებობს”- სალომე სამადაშვილი

,,საქართველო არის სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ძალაუფლება მიტაცებული აქვს ადამიანს, რომელიც ფლობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტს, ასეთი უნიკალური მოდელი შექმნა ბატონმა ბიძინამ,”-  ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ  მთავარია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო იქნას მიღებული, რომელიც ევროკავშირისთვის საკმარისად დამაჯერებელი იქნება.

„ის გავლენა, რასაც ის ახდენს სახელმწიფოზე, შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც სახელმწიფოს მიტაცება და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირის გამოკვეთილი მოთხოვნა, რომ სანამ არ დასრულდება სახელმწიფოს მიტაცება ოლიგარქის მიერ, ვერ მივიღებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამიტომ კანონზე მსჯელობის პროცესში ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ევროკავშირისთვის საკმარისად დამაჯერებელი იქნება, რომ ივანიშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და სახელმწიფოს მიტაცება დასრულდება. ეს სამართლებრივად და ტექნიკურად რთული ამოცანაა. ამიტომ კანონპროექტის დეტალებზე არ ვისაუბრებ, ჩვენ ახლა ვმსჯელობთ პრინციპებზე და როცა შევათანხმებთ, გაგაცნობთ. საქართველო „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის შედეგად არის გაღატაკებული, გაღატაკებულ ქვეყანაში პირებს, რომლებიც ფლობენ დისპროპორციულად დიდი რაოდენობით ეკონომიკურ რესურსებს, შეუძლიათ არამხოლოდ ზეგავლენის მოხდენა პოლიტიკურ პროცესზე, არამედ სახელმწიფოს მიტაცება. ეს არის ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა საქართველოში ანუ მან დაასრულა საქართველოს სახელმწიფო, მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები და ჩვენ გვეუბნებიან, რომ სანამ ეს ინსტიტუტები არ გათავისუფლდება ოლიგარქის მფლობელობისგან, ვერანაირი კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ და არანაირი მომავალი ევროკავშირში არ გაქვთ. ჩვენი კანონპროექტის ამოცანაა, დავსახოთ სამართლებრივი გზა, როგორ გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები