კახა კალაძე „ტვ პირველს” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს უჩივის

თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კალაძე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს.

კალაძის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას თქმით, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.

ადვოკატის განმარტებით, კახა კალაძემ საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე 2022 წლის 20 ივნისს მიმართა.

„სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს სასამართლომაც უნდა დაადგინოს.

გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი, კონკრეტული ფაქტი, რომ კახა კალძემ 60 მილიონი ,,ჩაიდო ჯიბეში”. ეს განცხადება მიზნად ისახავდა მხოლოდ კალაძის დისკრედიტაციას და მოსახლეობაში რეპუტაციის შელახვას. ეს არის ტყუილი და ცილისწამება, თუ არ იქნება წარმოდგენილი ეს დოკუმენტაცია კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. ამ განცხადებით ადგილი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, რადგან თანხმების მითვისება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს”, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.

 

მსგავსი თემები