,,ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ნაცებისა და რუსების წისქვილზე დაასხამენ წყალს”- მამუკა მდინარაძე

,,ასეთი მოქმედებები დღეს პიარულად აწყობს ერთადერთს – ნაცმოძრაობას და მთლიანად მის კლასტერს”,- ასე შეაფასა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოქალაქემ ქუთაისში რუსეთის დროშა დაკიდა.

მდინარაძის თქმით, ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ”ნაცებისა და რუსების წისქვილზე დაასხამენ წყალს”.

,,მოდი, ერთ რამეზე დაფიქრდით ყველა, საზოგადოებაც და თქვენც, ჩემო ძვირფასო ჟურნალისტებო, ვის აწყობს ასეთი მოქმედებები და აქედან გამოვიდეთ. ასეთი მოქმედებები დღეს პიარულად აწყობს ერთადერთს – ნაცმოძრაობას და მთლიანად მის კლასტერს და ისინი და მათი ტელევიზიები აგებენ ხოლმე ამაზე შემდეგ პიარს.  გაურკვეველი ადამიანი დარბის, ხან მანქანაზე აკრავს ამ რაღაც დროშებს, ხან პარკში შევარდა, იქ გააკრა და მერე ჩამოუხსნეს. მერე 5 წუთი სადღაც დროშა გამოჩნდება, მაინც და მაინც იმ 5 წუთში თქვენი ტელევიზიები და ვიღაც სააგენტოები ჩნდებიან, იღებენ ფოტოებს და ვიდეოებს და შემდეგ ხდება უბედურება. ეს აწყობს მხოლოდ ნაცმოძრაობას. ასეთ პროვოკატორებს პასუხებიც გაეცემა და ყველას ვაფრთხილებ და ვთხოვ, ასეთ პროვოკაციებზე ნუ წამოეგებიან. ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ნაცებისა და რუსების წისქვილზე დაასხამენ წყალს და ხალხი ამაზე არ უნდა წამოეგოს”, – განაცხადა მამუკა მდიარაძემ.

მსგავსი თემები