,,იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, ეს ცნობილი პრაქტიკაა საქართველოში”- ძმები კაკულიები ბრალს არ აღიარებენ

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე  ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა დავით კაკულიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას იარაღი ,,ჩაუდეს”. მისი თქმით, ჩხრეკის თვითმხილველი ბინის მესაკუთრეა.

„პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, ეს ცნობილი პრაქტიკაა საქართველოში. ჩემმა ძმამაც დაინახა ეს ყველაფერი. ბინის ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ბინის მესაკუთრეც, რომელსაც გავუმახვილეთ ყურადღება, რომ „იარაღები ჩაგვიდეს”, თავადაც ხედავდა ყველაფერს”, – განაცხადა დავით კაკულიამ.

კაკულიების ადვოკატის თქმით, ძმები ბრალს არ აღიარებენ.

,,ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული, რასაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ პროცესზე. პროკურატურას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს გარდა ერთი მოწმისა, რომელსაც ჩაფხუტში შეეძლო ერთ-ერთი ბრალდებულის ამოცნობა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მათ მიერ ბრალად შერაცხულ ქმედებას“, – აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

შეგახსენებთ, ძმებ კაკულიებს  ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

ამასთან, კაკულიების სახელს უკავშირებენ, 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასტიკად მოკლულ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს.

მსგავსი თემები