14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 39 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შსს-ში განუცხადეს, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რასაც დაკავებული აღიარებს.

“სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა. გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები