საქართველოში 5 თვეში 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

საქართველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე 7 459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 4-ის საქმიანობის სფეროა ცნობილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, დარეგისტრირებული რუსული ბიზნესიდან 544 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), 6 913 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 2 უცხოური საწარმოს ფილიალია.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 544 რუსული შპს-დან 542-ს საქმიანობა უცნობია, 1 კომპანიის საქმიანობის სფერო ყავის გადამუშავება, კიდევ 1-ის კი რესტორნების გარეშე სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებებია.

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ 6913 რუს ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ შემთხვევაშიც ცნობილია მხოლოდ 2-ის საქმიანობა, 6911-ის საქმიანობის სფერო კი, „საქსტატის“ ცნობით, მათთვის უცნობია.

საქართველოში ყველაზე მეტი რუსული ბიზნესი – 2 169 მარტში დარეგისტრირდა. აპრილის თვეში 1 601 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, მაისში 1 370, ივნისში – 1 219 და ივლისში – 1 100.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა.

მსგავსი თემები