შარვლით უნდა დავწვეთ, შარვლით ვიბანაოთ, ვეღარც საძინებელში შევალთ – ზაზა პაპუაშვილი ვიდეოკადრებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების შეფასებაში ვერ იქნება ორიგინალური და მიაჩნია, რომ ეს ამაზრზენი და ცუდია. მაგრამ ქვეყანაში თუ არ შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ ამის გამო ვინმე დაისაჯა და გარკვეულ პირებს პასუხი არ მოეთხოვათ, ადამიანებს “ფსიქიკური პრობლემები შეექმნებათ. 

“ხვალ, ვეღარც საძინებელში შევალთ,  ვეღარც აბაზანაში და ფსიქიკური შერყევები დაგვემარეთბა. შარვლით უნდა დავწვეთ, შარვლით უნდა ვიბანაოთ”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა “მედიაცენტრ  მთავარში”. 

მისი შეფასებით, მარტივი გამოსაცნობია ის, თუ ვის სჭირდებოდა უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრებით დაშანტაჟება. 

“ეს არის წინა ხელისუფლების გაკეთებული, მათი იდეაა, მათი განხორციელებული, მათ ჰქონდათ ეს სამალავი. ამის იქით იმის დადგენა, თუ ვინ რა ჩაიდო ჯიბეში, ვინ სად რა გადამალა, ობიექტურად რთულია, მაგრამ, ალბათ, შესაძლებელი. ჩირქი გავიდა უკვე საზოგადოებაში. გვინდა თუ არა ცხოვრება იცვლება და წინ მიდის, საზოგადოების შეფასებაც ასეთი იყო, რომ თავს არ დაგაჩაგვრინებს და მახეში ვერ გააბამ. მთავარია ამ შანტაჟის გამო ადამიანმა თავი გალიაში მოხვედრილივით არ იგრძნოს. თავისუფალი ადამიანი იოლად ვერ ირგებს გალიას. არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ამის ტყვედ არ უნდა იქცე”, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი. 

მისივე თქმით, ამ ვითარებაში პოლიტიკოსებს ისღა რჩებათ, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

“მტკიცებულება რომ გვქონდეს, ეს ვინ გააკეთა და რატომ, მაშინ პროცესების სხვანაირად წარიმართებოდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია გავიმეოროთ ტრაფარეტული სიტყვები: – დაველოდოთ გამოძიებას, ჩანაწერის ავთენტურობას”, – აცხადებს დეპუტატი. 

მსგავსი თემები