,,შევხვდებით სტრასბურგში груსებო”- სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს. როგორც გოგაშვილი აცხადებს,  ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი პირადად გომელაურმა გაუგზავნა, რათა მისთვის ხელისუფლების გზავნილები გადაეცა.

,,306-ე საკნის კედელზე გამოისახა ტელეფონის ნომერი საქართველოში ყველაზე ,,პროფესიონალი ადვოკატის’’, მჭედლიშვილის ნომერი და სასწაულებრივმა ძალამ ჩამძახა – ზუსტად ეს აიყვანე ადვოკატად. ძალიან უსუსურები და სასაცილოები ხართ.

ჩემი ორივე ადვოკატი არის ჩემი უახლოესი მეგობრების რეკომენდაციით ჩართული ჩემს საქმეში, რომელთაც სრულიად ვენდობი.

ვინ გაუწია რეკომენდაცია მჭედლიშვილს ჩემთან? ვინ დამაკავშირა ის? ვიმეორებ: მისი ტელეფონის ნომერი გომელაურის დავალებით გადმომცეს. მჭედლიშვილის თქმით იგი არ იცნობს გომელაურს, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. მჭედლიშვილი არის პროკურატურის ფეხი, რომელმაც ხელისუფლებისგან (პროკურატურა) გადმომცა რა სახის ჩვენებას ითხოვდნენ ჩემგან, ჩემს წინააღმდეგ შეკერილი საქმის ჩაფარცხვის, ჩემი ოჯახის ხელშეუხებლობისა და ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პროკურატურას ჰყავს აგენტ-ადვოკატები, ვისი საშუალებითაც ახორციელებენ მსგავს კომუნიკაციებს (ეს პროკურატურის არაოფიციალური შემოსავლის წყაროცაა, ამაზე შემდეგში). დიახ, მჭედლიშვილი არის პროკურატურის აგენტი და ადვოკატთა ასოციაციამ უნდა იმსჯელოს ამის შესახებ, ასევე უნდა დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც, რომელსაც ჩემი აზრით, ოცნება ჩანასახშივე ანადგურებს.

მე და ჩემმა ოჯახმა ადვოკატებთან ერთად შევძელით და დავადასტურეთ, ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონობები (16 ივლისის ღამესა და 18 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ). ახლა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავცემთ ანაბეჭდებსაც და ამით დამთავრდება ეს ყველაფერი საქართველოში. შევხვდებით სტრასბურგში груსებო.”,- წერს გოგაშვილი.

მსგავსი თემები