თილისმები, ბუნებრივი ქვები, სამაჯურები – გვიცავს თუ არა, მითია თუ რეალობა, რა ძალა აქვს მას?! – ინტერვიუ ეზოთერიკოსთან

თილისმები, დამცავი სამაჯურები, ბუნებრივი ქვები, ჯადოსნური კოლბა და ასე შემდეგ, 21-საუკუნის ერთგვარი ტრენდი გახდა. სოციალური ქსელები აჭრელებულია გვერდებით, სადაც ეზოთერიკოსები თუ ე.წ. ტაროს სპეციალისტები მსგავს მომსახურებას და დამცავ საშუალებებს გვთავაზობენ. შეთავაზებები იმდენად ბევრია და ე.წ. ბუნებრივი ქვები იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რთულია გაარჩიო რომელია რეალური და რომელი ყალბი.

რეალურად არსებობს თუ არა გარკვეული ძალის მატარებელი დამცავი ქვები? რისთვის გვჭირდება გააქტიურებული თილისმები? როგორ გავარჩიოთ ნატურალური ხელოვნურისაგან? როგორ ვიგრძნობთ რომ თილისმა გვიცავს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მედიაცენტრი მთავარი“ ეზოთერული პლატფორმა “გრიმუარი“-დამფუძნელებელს, მარის ესაუბრა.

მედიაცენტრი მთავარი“: ბოლო პერიოდში, სოციალური ქსელებით აქტიურად ვხვდებით სხვადასხვა გვერდს, სადაც მომხმარებლებს დამცავ ნატურალურ ქვებს, თილისმებს და სხვადასხვა მაგიური ძალის მატარებელ საშუალებას სთავაზობენ. ფასები რადიკალურად განსხვავებულია, 15 ლარიდან დაწყებული, 500-ით დამთავრებული. როგორ უნდა გავარჩიოთ, რომელია რეალური და ზოგადად რითვის გვჭირდება ე.წ. დამცავი სამაჯურები, რომელიც თითქოს მოდურიც კი გახდა?

მარი:  პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ნატურალური ქვები, მინერალები და კრისტალები არის ბუნებრივი წარმონაქმნები, რომელთაც გააჩნიათ განსაკუთრებულად მაღალვიბრაციული ენერგია, რომელიც ასტიმულირებს ადამიანის ენერგოვიბრაციებს. სწორედ ამ სტიმულაციის დახმარებით ხდება ცვლილებები, რაც პირველ რიგში, ადამიანის ენერგეტიკულ სხეულზე, შემდეგ უკვე ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე მკვეთრად აისახება.

რა თქმა უნდა, მინერალთა ნაირსახეობები ერთგვარად არ მოქმედებს ყველა ადამიანზე. ამიტომ საჭიროა გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც ზუსტად მიუსადაგებს ადამიანს მისთვის შესაფერის მინერაელებს. არსებობს ნატურალური ქვების კატეგორია, რომელთაც აქვთ ბუნებრივად პროექციული ენერგია, რაც მათ დამცველობით თვისებებში ვლინდება.

კერძოდ, ნეგატივი, რომელიც მოემართება ადამიანისკენ, შთაინთქმება ან აირეკლება მინერალისგან, რაც ბუნებრივია, იცავს ადამიანის ენერგეტიკას მავნე ენერგიის შემოჭრისგან.

მედიაცენტრი მთავარი:“ თუმცა, თუ სოციალურ გვერდებს დავათვალიერებთ, აღნიშნული საქმით დაკავებული ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდონ და შესთავაზონ თავიანთი დამზადებული პროდუქტი. ყველა ამტკიცებს, რომ მისი ქვა ქვა ნამდვილია და ის გააქტიურებულია. რას ნიშნავს ქვის გააქტიურება?

 

მარი: იმისათვის, რომ გავაძლიეროთ მინერალების მოქმედება, საჭიროა მათი დამუხტვა. დამუხტვაც მრავალმხრივია, თუმცა საუკეთესოდ მუშაობს ის, რომელიც სწორ დროს, სწორი ფორმით, დიდი ენერგიითა და ძლიერმოქმედი რიტუალის საშუალებით იმუხტება კონკრეტული ადამიანისთვის, კონკრეტულ საკითხში წარმატების მოსაპოვებლად. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით, ყოველთვის ასეა.

მედიაცენრი მთავარი:“ რიტუალი, რომელიც ახსენეთ, ქრისტიანულია? რა იგულისხმევა?

მარი: რიტუალები, რომელსაც თილისმებისა და ამულეტების დამუხტვისას ვატარებ, არც ერთ რელიგიურ ეგრეგორთან არ არის კავშირში. ეს არის უძველესი რიტუალები, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, სანამ რელიგიები შეიქმნებოდა. შეიძლება ვუწოდოთ ბუნების რიტუალებიც, რადგან ის ნათელი ძალა და ენერგია ორგანულად არსებობდა, არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ ჩვენი სამყარო მოგვცემს არსებობის შესაძლებელობას. შესაბამისად, ის რაც ბუნებრივია არც ერთ ადამიანს არ ვნებს და მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ.

რაც შეეხება ღირებულებას, ყველა მინერალი მათი იშვიათობიდან, ფორმიდან და ხარისხიდან გამომდინარე იცვლის ფასებს. მინერალებისა და ქვების სამყაროში უამრავი გაყალბებული ქვა შეგხვდებათ. თუ გსურთ ამოიცნოთ რომელია ბუნებრივი, ამისათვის საჭიროა ან გეოლოგიის შესწავლა ან მინერალების ენერგეტიკის დანახვის უნარი. ხელოვნურ ქვებს არასოდეს აქვთ ცისერტყელასავით გარდამავალი და კაშკაშა ენერგია. ასევე არსებობს სხვადასხვა ტექნიკური დეტალები, რომელთა ცოდნაც გაგიმარტივებთ ქვების ამოცნობას. მაგ: ქვის ტემპერატურა, წონა, სიმკვრივე, ჩანართები და ა.შ… აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა ქვა არ არის თილისმა. თილისმად ითვლება მუხტისა და ენერგიის მატარებელი ნებისმიერი ატრიბუტი, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში იზიდავს სხვადასხვა სახის სიკეთეს.

მედიაცენტრი მთავარი:“ ზოგადად, რა არის დამცავი ქვები და რისთვის გვჭირდება ის?

მარი:  დამცავი ქვები და ზოგადად დამცავი ამულეტი სჭირდება ყველა ადამიანს. დღესდღეობით, როდესაც სოციალურ ქსელში თითქმის ყველა ადამიანის პოვნა, დაკვირვება და დათვალიერება უმარტივესი გზით შეგვიძლია, ამდენადვე უმარტივესია კრიტიკულმა მზერამ, ცუდმა რეპლიკამ, უსიამოვნო დამკვირვებელმა და მით უმეტეს მძიმე ფორმით განზრახ შემზადებულმა ნეგატივმა (წყევლა, ჯადო) ადამიანის ენერგეტიკის დაბინძურება გამოიწვიოს. როცა ადამიანის ენერგეტიკა დაბინძურებულია, ის პირველ რიგში გრძნობს მოულოდნელ გაუმართლებლობებს ცხოვრების თითქმის ყველა ნაბიჯზე, წარუმატებლობასა და უიღბლობას დასახულ მიზნებში.

იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, ადამიანმა უნდა ატაროს ძლიერი ამულეტი, რომელიც არა მხოლოდ მინერალებისა და ქვების, არამედ სხვადასხვა ბუნებრივი მასალებითაც მზადდება. მაგ: ვერცხლი, ოქრო, ხე, ტყავი და ა.შ… დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელით დამზადებას. არ ენდოთ გაუგებარი შინაარსის ჩინურ მონეტებს და შეეცადეთ ამოიცნოთ თითოეულ ნამუშევარში ის ენერგია, რომელსაც ატარებს თითოეული თილისმა თუ ამულეტი. ადამიანის ინტუიცია ძლიერი იარაღია და ვფიქრობ, არ იქნება რთული მისახვედრი ვის უნდა ენდოს და ვის არა.

ეს ისეთი საკითხებია, რომელსაც ბევრი საუბარი არ სჭირდება. აქ ყველაფერი ინტუიციისა და შეგრძნებების ენით ითქმის. ამავდროულად, სანამ საკუთარი თავისთვის გადაწყვეტთ მაგიური თილისმისა თუ ამულეტი შერჩევას, წაიკითხეთ ინფორმაცია, ან ჰკითხეთ თქვენთვის სარწმუნო და კომპეტენტურ ადამიანს რჩევა.

მედიაცენტრი მთავარი:“ რა ძალა აქვს თილისმას (სამაჯურს)?

მარი:  თილისმის ძალას პოტენციალი აქვს, რაც ადამიანის ძალას. ის გვეხმარება ჩვენი ძალის დანახვასა და გამოყენებაში. შემდეგ კი ყველაფერს ჩვენით ვაღწევთ. არასოდეს დაიჯეროთ, რომ თუ ჩვენ ფეხი-ფეხზე გადადებული დავსხდებით და დაველოდებით ყველაფერი თავისით როდის მოხდება, ამგვარად ნამდვილად ვერ მივიღებთ შედეგს. მთავარია ადამიანმა იცოდეს რა სჭირდება და რა გააბედნიერებს. შემდეგ მნიშვნელოვანია ჰქონდეს ნდობა და რწმენა როგორც თილისმის, ასევე საკუთარი ძალის, რაც შუამავალივით მიიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც სურდა და თანაც ისე მარტივად, რომ ამ პროცესის გააზრება რთული დასაჯერებელი იქნება.

მედიაცენტრი მთავარი“: როგორ არჩევთ, ვის რა თილისმა სჭირდება? 

მარი: ადამიანები მომმართავენ კონკრეტული საჭიროებით. მათი ფოტოსა და დაბადების მონაცემების მიხედვით ვიკვლევ რა მოუტანს მათ შედეგს, ამავდროულად ვამოწმებ იმასაც, თუ რამდენად მომცემს სამყარო და უმაღლესი ძალები შესაძლებლობას, რომ მე ამ ადამიანს სასურველი შედეგი მოვუტანო. ზოგჯერ ვითარება კარმულად გარდაუვალია და მე მასში ჩარევის უფლება არ მაქვს. ამიტომ, როცა არ უნდა მოვკიდო საქმეს ხელი, ან ვერ ვხედავ წინასწარ იმ შედეგს რაც ადამიანს სჭირდება, უარს ვამბობ მუშაობაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ არ დაიჯეროთ ზოდიაქოს ნიშნისთვის მიწერილი კონკრეტული ქვები. ასტროლოგიური მზის ნიშანი ნამდვილად არაა საკმარისი იმისთვის, რომ გაიგოთ რომელი მინერალი შეგესაბამებათ.

მედიაცენტრი მთავარი:“ ამბობთ, რომ მუშაობისას თუ სამყარო არ მოგცემთ შესაძლებელობას კონკრეტულ ადამიანს წარმატება მოუტანოთ, თავს ანებებთ და არ ერევით. ეს როგორ ხდება, რამეს გრძნობთ თუ? როგორ შეიძლება მივახვედროთ მკითხველი? და გაქვთ შემთხვევები, როცა უარს ამბობთ სამაჯურის დამზადებაზე?  

მარი: როგორც უკვე აღვნიშნე, მას შემდეგ რაც ადამიანი მომმართავს კონკრეტულ საკითხზე სამუშაოდ და თილისმისა თუ ამულეტის დასამზადებლად, მე პირველ რიგში მის ენერგეტიკულ მდგომარეობას ვამოწმებ. ადამიანის ენერგოინფორმაციული ველის შემოწმებისას გამოკვეთილა შემთხვევები, როცა მისი პრობლემა, ცხოვრების მძიმე პერიოდი თუ გარკვეული გაუმართლებლობა სწორედ მისგან მოითხოვდა კარმულ კომპენსაციას და რა თქმა უნდა კორექტირების უფლება არც მე და არც სხვა ადამიანს ასეთ დროს არ აქვს.

ამ შემთხვევაში ადამიანმა თვითონ უნდა გაიაროს ეს გამოცდა და გაძლიერდეს, რათა დაამუშაოს მისთვის საბედისწერო ცხოვრებისეული მონაკვეთები (ზოგჯერ ამ ყველაფერს კარმულ ვალებსაც უწოდებენ). ეს გარდაუუვალი ხვედრია, რაზეც ბუნებრივია ვაფრთხილებ ასეთი შემთხვევის დროს და თილისმისა თუ ამულეტის დამზადებაზეც მოკრძალებულ უარს ვუცხადებ. შესაბამისად, მაქვს შემთხვევები, როცა უარის თქმა მიწევს, თუმცა ამ უარსაც კი ხშირად ძალიან ბევრი კარგი შედეგი მოჰყვება. თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი მეტი დარწმუნებით იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავსა და მის ცხოვრებაზე და საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც კმაყოფილი რჩება.

მედიაცენტრი მთავარი“: აქვე გკითხავთ, რა ვადიანია სამაჯური თუ უვადოა?  

მარი:  გააჩნია პროგრამას. ზოგიერთ თილისმასა თუ ამულეტს აქვს მოკლევადიანი პროგრამა, ზოგიერთები კი მანამ ემსახურებიან თავიანთ მფლობელს, სანამ მასზე ზრუნავენ. ვინაიდან თილისმებს, ამულეტებს ან უბრალოდ მინერალურ ქვებს აუცილებლად სჭირდებათ სპეციფიკური მოვლა.

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორ შეგიძლიათ დამარწმუნოთ, რომ კონკრეტული ქვა მე დამიცავს? კონკრეტული ისტორიები თუ გაქვთ?

მარი: ისტორიები წლების განმავლობაში უამრავი რაოდენობით დაგროვდა. ყველა ერთად მახსენდება და რთულია თავის მოყრა. თუმცა, ყველაზე ხშირად რაც ხდება დამცავი ამულეტების შემთხვევაში არის ის, რომ ადამიანი ან ადამიანები რომლისგანაც ჩემი მომხმარებლები საჭიროებდნენ დაცვას და მათი ნეგატიური ზეგავლენა ზედმეტად შესამჩნევი იყო მათთვის, ამულეტის გამოყენებიდან ძალიან მალევე ისე ხდებოდა, რომ ეს ადამიანები მათ ბუნებრივად შორდებოდნენ. სასიამოვნო ის არის, რომ დაზარალებული ამით არავინ რჩებოდა და ყველა თითქოს თავის ადგილს პოულობდა.

ასევე ხშირად იღბლისა და წარმატების თილისმისთვის როცა მოუმართავთ და აღმომიჩენია, რომ რეალურად დამცავი სჭირდებოდათ, სწორედ დამცავმა ამულეტებმა მოუტანა მათ კარიერული წარმატება და წინსვლა, ვინაიდან პრობლემა დაბინძურებული, მაშასადამე არარეალიზებული ენერგეტიკიდან მომდინარეობდა. სიმართლე ვთქვა, არ მიყვარს როცა დარწმუნებაზე მეკითხებიან ან კონკრერულ შედეგებზე, ვინაიდან ჩემს შემოქმედებაზე ის ადამიანები საუბრობენ, ვინც ჩემს თილისმებსა და ამულეტებს ატარებს. ჩემი მხრიდან ამის განხილვა კი უხერხულობად მიმაჩნია.

მედიაცენტრი მთავარი:“ საიდან მოდის ეს ძალა, ამ ყველაფერს სწავლობენ? თქვენ ისწავლეთ თუ როგორ ამზადებთ ამ ყველაფერს?

მარი: ადამიანის “უმაღლესი მე” არის ინფორმაციული საცავი, რომელშიც დაუწერელი და ფიზიკურად არარსებული ცოდნა ინახება. უმაღლესი მე გვაწვდის პასუხებს ყველა კითხვაზე. ბუნებრივია უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული მინერალებისა და ქვების მაგიური თვისებების შესახებ, თუმცა ძირითადი ცოდნა, ძალა და უნარები სწორედ ჩემი ამ ნაწილისგან მოდის. ქალისგან, რომელიც უძლიერესია და ყველაფერში მეხმარება, იმისთვის, რომ შევასრულო ჩემი მისია და სხვა ადამიანებს გავუკვალო გზა…

მედიაცენტრი მთავარი:“ რა არის ჯადოსნური კოლბა?

მარი:  ჯადოსნური კოლბა მაგიურ სამყაროში უხსოვარი დროიდან გამოიყენება. ის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია სასურველი შედეგის მისაღებად. კოლბაში კომბინირებულად ერთიანდება ყველა მაღალვიბრაციული ინგრედიენტი, რომელიც ადამიანს დაეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში. განსაკუთრებულ როლს თამაშობს სპეციალური შელოცვა და სიგელი.

მედიაცენტრი მთავარი“: საიდან მოდის (საიდან მოგაქთ) ბუნებრივი ქვები?

მარი: მინერალები, რომელთაც თილისმებისა და ამულეტების დამზადებისთვის ვიყენებ ჩამოდის სხვადასხვა მომპოვებელი ქვეყნებიდან. ძირითად შემთხვევაში ეს არის: სამხრეთ ამერიკა, ბრაზილია, მონღოლეთი, ინდოეთი და ჩინეთი. ჩემთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ყოველთვის ვიყენებ უმაღლესი ხარისხის მინერალებს.

მედიაცენტრი მთავარი:“ ფასები?  მაგალითადმ სამაჯურის?

მარი: ფასები განსხვავებულია ქვების სახეობისა და სამუშაოს სირთულის მიხედვით. ზოგადი წარმოდგენისთვის 90₾-დან იწყება ფასები და 450₾-მდეც მერყეობს, თუმცა ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

მედიაცენტრი მთავარი:“ რამდენად აუცილებელი და საჭიროა ის ჰქონდეს ყველა ადამიანს?

მარი: ჩემი აზრით საჭიროა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს. თავად უნდა იგრძნოს, რომ მის ენერგეტიკას სიახლე სჭირდება. დღესდღეობით ადამიანები კარგად აცნობიერებენ, რომ ფიზიკური სამყაროს მიღმა უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე ენერგიაა, რომელიც ჩვენი ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე აისახება. აუცილებელია ვიზრუნოთ ჩვენს სულიერ სიჯანსაღეზე, რადგან მასაც სწორედ ისე სჭირდება მოვლა, როგორც ჩვენს ფიზიკურ სხეულს.

მედიაცენტრი მთავარი:“ რა შუაშია კარტი, ე.წ. ტარო ამ ყველაფერთან, ქვებთან?

მარი: ტარო და მით უმეტეს კარტი მინერალებთან პირდაპირ კავშირში არ არის. თუმცა რა ტიპის კავშირები არსებობს, ამას მოგახსენებთ.

1.მინერალები საუკეთესო ენერგო გამტარები არიან. შესაბამისად მინერალებით და განსაკუთრებით მესამე თვალის აქტივაციისთვის განკუთვნილი მინერალების დახმარებით მანტიკით (მიღმიერი განზომილებებიდან ინფორმაციის მიღება სხვადასხვა ატრიბუტების გამოყენებით) დაკავებულ ადამიანს უმარტივდება საკუთარი შეგრძნებებით გაფილტრული ინფორმაციის მიღება. იქნება ეს ტაროზე მუშაობის პროცესი, ლენორმანი, კარტი თუ სხვა ტიპის მანტიკის სფეროები.

  1. ტაროს არკანები განასახიერებს კონკრეტულ პლანეტებს. მინერალები და ქვები კი თავის მხრივ ერთი ან მეტი პლანეტის მიერ არის მართული. შესაბამისად, თუ კი ოდესმე მინერალებსა და ტაროს არკანებს ერთად მოიხსენებენ, სწორედ პლანეტარული გადაკვეთა იქნება მიზეზი.

 

მსგავსი თემები