,,აშშ-ის საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. ვრცელ წერილში დეპუტატები აცხადებენ, რომ საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება.

მათივე თქმით, ეჭვი არ ეპარაებათ, რომ ,,ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა”.

,,სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის.

როდესაც ელჩი „სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, PVT-ის გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს PVT-ის გაყალბება იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,აშშ-ის ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან”- ,,ოცნებიდან” წასულები – (mcm.ge)

მსგავსი თემები