გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ფინანსების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია,  1200 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგოს

,,ჩვენმა დაკვირვებამ და პილოტირების მიგნებებმა ცხადყო, რომ ტექნოლოგიურ საშუალებებს, საუბარია ხმის მიცემისა და ხმების მთვლელ აპარატებზე, ამომრჩეველთა რეგისტრაციის გამოყენებაზე, შეუძლიათ, გადააზღვიონ მთელი რიგი საკითხები,” – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ფინანსების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია,  1200 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგოს.

,,საერთაშორისო კარგი პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ მათ შორის წამყვან ქვეყნებში ეტაპობრივად ხორციელდებოდა ტექნოლოგიების დანერგვა. ჩვენ ამის გამოცდილება 2018 წლიდან გვაქვს. გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მასშტაბი კრწანისის მთელ ოლქში, ასევე ბათუმის შუალედურ არჩევნებზე ორკომპონენტიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია იყო გამოყენებული საარჩევნო პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციას დღეს შეუძლია ის, რომ 2024 წლისთვის თუ შესაბამისი მზაობა იქნება და ფინანსები, დაახლოებით 1200 საარჩევნო უბანზე უზრუნველვყოთ არჩევნების ადმინისტრირება ტექნოლოგიური ინტერვენციის მეშვეობით. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენმა დაკვირვებამ და პილოტის მიგნებებმა ცხადყო, რომ ამ ტექნოლოგიური საშუალებების მეშვეობით, მათ შეუძლიათ, გადააზღვიონ მთელი რიგი საკითხები, რაც არის – მანიპულაცია ამომრჩეველთა სიებზე, რაც არის კიდევ დამატებითი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ საკითხით მანიპულაცია დასრულდეს. ასევე წინასწარი მონაცემები იქნება ცნობილი ძალიან მოკლე ვადაში. ასევე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ადამიანური შეცდომები. ფაქტობრივად, 100%-იანი სიზუსტით იქნება შედგენილი შემაჯამებელი ოქმები კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში. რაც მთავარია, იქნება პროცედურების გამარტივება, საარჩევნო უბანზე სტრესის მოხსნა, ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა. ეს არის მთელი რიგი სიკეთეები”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მსგავსი თემები