ბორჯომის ხანძრის ქრობის პროცესი გაძლიერებული ძალებით გრძელდება – რთულად მისადგომ რელიეფზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გაძლიერებული ძალებით გრძელდება.

მათივე ცნობით, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები