ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა.

საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის რვატონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ასევე ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი.

„მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი.

ადგილზე მუშაობას განაგრძობს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები