,,უკრაინის ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მან შეარყია რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის შეგრძნება”- სალომე ზურაბიშვილი

„თქვენი ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მან შეარყია რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის შეგრძნება,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან საერთაშორისო საზოგადოებისგან მას უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა.

„თქვენი ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მან შეარყია რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის შეგრძნება. თქვენი ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მას მოჰყვა უპრეცედენტო გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოებისგან. მტკიცე და ერთიანი პასუხი. ისეთი გამოხმაურება, რომელიც პრეზიდენტ პუტინს არ უნახავს, ისეთი პასუხი, რომელიც არ გვინახავს 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს ან 2008 წლის აგვისტოში. დღეს ეს პასუხი შეცვლის მომავალს. თვალსაჩინოა, რომ ომი უკრაინაში მნიშვნელოვნად უთხრის ძირს შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასევე გლობალურ უსაფრთხოებას და მსოფლიო დგას სურსათის დეფიციტის უპრეცედენტო საფრთხის წინაშე. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ელემენტარულ პრინციპებს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების დანაწევრება და გაყოფა არ შეიძლება. ჩვენ ყველა ერთ ნავში ვართ. ამ რთულ დროს უკრაინელი ხალხი კიდევ უფრო გაერთიანებულია ევროპული მისწრაფების გარშემო. მე მინდა, მივულოცო უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მჯერა, რომ საქართველოც სულ მალე შეურთდება ამ გზაზე ჩვენს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ანაქრონული ომი მალე დასრულდება და უკრაინა, რომელიც დგას ისტორიის სწორ მხარეს, გაიმარჯვებს. 21-ე საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არ არის. ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნები აღადგენენ ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას და კეთილდღეობას მშვიდობიან, უსაფრთხო ევროპაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები