,,კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ არის ქცევა, რომელიც საქართველომ არაერთხელ გამოსცადა”- სალომე ზურაბიშვილი

,,უპასუხოდ დარჩენილი აგრესია, რომელიც ლახავს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, იწვევს მხოლოდ მეტ აგრესიას და არასტაბილურობას,”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ არის ქცევა, რომელიც საქართველომ არაერთხელ გამოსცადა.

„ჩვენ დღეს მეორედ შევიკრიბეთ ყირიმის პლატფორმაზე. შარშან საქართველო სამიტზე ​​პრემიერ-მინისტრით იყო წარმოდგენილი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ამ სამიტზე საქართველოს ხალხს წარმოვადგენ. გადამწყვეტია, ვიდგეთ ერთად იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ვუერთდები ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიისადმი, ყირიმი არის უკრაინა.

ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ხვალ უკრაინა აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ექვსი თვე გადის რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წინააღმდეგობის დაწყებიდან. ეს თარიღები შემთხვევით არ დაემთხვა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში თებერვალში არ დაწყებულა და პირველი გამოწვევა ყირიმი იყო, რამაც ყველას კარგად შეგვახსენა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე უპასუხოდ დარჩენილი გამოწვევები, უპასუხოდ დარჩენილი აგრესია, რომელიც ლახავს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, იწვევს მხოლოდ მეტ აგრესიას და არასტაბილურობას.

საქართველოსთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, კარგად არის ცნობილი. კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ არის ქცევა, რომელიც საქართველომ არაერთხელ გამოსცადა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს იმის ხილვა, თუ როგორ იპყრობენ და ახდენენ შენი ტერიტორიების ოკუპაციას. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმ ფასს, რომელსაც თქვენი სამხედროები და მოქალაქეები იხდიან. მინდა, საქართველოს ხალხის სახელით გამოვხატო აღტაცება თქვენი მამაცი ბრძოლისადმი და ვთქვა, რომ ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები