,,ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩომ იცოდა პარალელურ დათვლაში ცდომილებაზე, ეს ბევრ კითხვას აჩენს”- ირაკლი კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას არ გაემიჯნა. კობახიძის თქმით, აღნიშნული ქმედებით ნათლად გამოჩნდა, რომ ორგანიზაციის გამოხატული პოლიტიკური მიზანი აქვს.

„ჩვენი გუნდის წევრებმა უკვე შესთავაზეს ISFED-ს, გამიჯვნოდა საკუთარ მოთხოვნას მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის მანძილზე ეს მათ არ გააკეთეს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ISFED-სთვის ეს არის უცვლელი პირობა და ISFED-ს აქვს გამოხატული პოლიტიკური მიზანი. ეს მიზანი არის მათ შორის რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ნებისმიერი შეთავაზება აზრს კარგავს. გამორიცხულია, ამის შემდეგ ISFED ჩაერთოს ნებისმიერ სამუშაო პროცესში. საზოგადოებას თავად ელენე ნიჟარაძემ უთხრა, რომელიც მაშინ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომ ნოემბრის ბოლოსთვის USAID-ი უკვე ინფორმირებული იყო pvt-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა თავად გაავრცელა. აქედან გამომდინარე, ეჭვებიც აღარ არსებობს. სამწუხარო ისაა, რომ ამ დროის განმავლობაში წარმოებდა მოდერაცია ე.წ. პოლიტიკური კრიზისის გარშემო. ეს მოდერაცია წარმოებდა საელჩოს მოდერაციით და სამწუხაროა, რომ თუ უკვე იცოდა, და ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ იცოდა საელჩომ ცდომილების შესახებ, ასეთ დროს, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ჩვენ იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო მიზანმიმართული გაყალბება. ბავშვები უნდა ვიყოთ, რომ სხვა რამის გვჯეროდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები