,,თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ივანიშვილის ადვოკატი საუბრობს, გამოდის, სააკაშვილის მართვის მოდელი შვეიცარიაშიც დაუმკვიდრებიათ”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმიანებიან.

დეპუტატების თქმით, აშშ-ის საელჩოს სურვილია ,,ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ყოვლად დეგრადირებული „ნაციონალური მოძრაობით“ ჩაანაცვლოს”.

,,რას შეიძლება უკავშირდებოდეს საელჩოს ისტერიული მცდელობა, ქვეყანაში არიოს სიტუაცია და ხელოვნურად მისცეს ბიძგი რევოლუციურ პროცესებს? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – საქართველომ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნის მისია, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ გამოუწერეს და რომელიც დღესაც აქტუალურია. საელჩომ კარგად იცის, რომ ქვეყნის განადგურებას მოქმედი ხელისუფლება არასოდეს მოაწერს ხელს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერი დავალების შესრულებაზეა წამსვლელი. სხვა ახსნა ვერ ექნება საელჩოს ისტერიულ სურვილს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ყოვლად დეგრადირებული „ნაციონალური მოძრაობით“ ჩაანაცვლოს,”- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დეპუტატები განცხადებაში ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს შორის არსებულ დავაზეც საუბრობენ.

,,გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ – რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო – გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

„ისფედი“ პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება აშშ-ის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული”- ,,ოცნებიდან” წასულები – (mcm.ge)

მსგავსი თემები