„ყალბი სოლიდარობაა“ – შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორზე

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება „ისფედდთან“ დაკავშირებით, ყალბი სოლიდარობაა. საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებმაც, სოლიდარობის ნიშნად, პარლამენტის სამუშაო ჯგუფი დატოვეს.

„გავეცანი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, მათ შორის მათსაც, ვინც ჩართულია სამუშაო ჯგუფებში, რომ დროებით აჩერებენ საკუთარ მუშაობას ამ ჯგუფში, რაც დასანანია. ერთი მხრივ, თითქოს ეს არის გარკვეული სოლიდარობის ჩვენება, მაგრამ ეს არის არაჯანსაღი სოლიდარობა. ზღვარი სოლიდარობასა და კორპორატივიზმს შორის არის ძალიან ვიწრო და სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს ხდება ზღვარის გადალახვა“ – განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე შეფასებით, ნაცვლად ჯანსაღი სოლიდარობისა, ჩვენ ვხედავთ კორპორატივიზმს, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

„მაშინაც „ისფედი“ იყო მთავარი აქტორი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ერთი თვე მალავდა პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს და მაშინაც მივმართავდით, ისინი დაგვხმარებოდნენ, რეალური პარალელური დათვლის შედეგების ნახვაში. მაშინ ყველა ეს ორგანიზაცია დისტანცირდა ამ თემიდან. ამბობდნენ, რომ მათი პროფილი არ იყო პარალელური დათვლა. არ უნდოდათ კრიტიკა გამოეთქვათ კოლეგა ორგანიზაციის მიმართ. სწორედ არაჯანსაღი სოლიდარობა დააფიქსირა ახლაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა კორპორატივიზმი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან, თითქოს არაფორმალურ მმართველობას, თავად ითხოვენ არაფორმალურ ძალაუფლებას.

„ვფიქრობ, გარკვეული სარკაზმია ამაში, რომ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან კორპორატივიზმს, თავად იჩენენ ასეთ დამოკიდებულებებს. ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან, თითქოს არაფორმალურ მმართველობას, თავად ითხოვენ არაფორმალურ ძალაუფლებას, როგორც ეს ქნა „ისფედმა“ და რამდენიმე არასამთავრობომ იმით, რომ მოითხოვა ვეტოს უფლება მთავრობის ფორმირებაში“ – განმარტავს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები