„ორბი ჯგუფისგან“ დაზარალებული მოქალაქე შეძენილ ფართს ითხოვს, პასუხს კი არა ვინ სცემს

მოქალაქე ა.გ-მ  შპს „ორბი ჯგუფი ბათუმში“ 37 კვადრატული ფართი იყიდა. ხელშეკრულება 2019 წლის 20 აპრილს გაფორმდა, თანხაც სრულად გადაიხადა, თუმცა ვერც ფართი მიიღო და ვერც პასუხს იღებს, რაში გადაიხადა ფული.

როგორც დაზარალებული გვიყვება, „ორბის“ “ც” კორპუსში, 37 კვადრატული ბინა 47-ე სართულზე იყიდა. ხელშეკრულებით, ფართი 2019 წელს უნდა ჩაბარებოდა, თუმცა რას ჩაიბარებს, როცა აშენებულიც არ არის.

„როცა ხელშეკრულება გავაფორმეთ, მშენებლობა უკვე დასრულებული იყო, „ც“ ბლოკი შენდებოდა. ახლა მესამე მშენებლობას ასრულებენ თითქმის და ამ „ც“ ბლოკი ისევ არ არის დასრულებული. რამდენჯერაც ამ საქმისთვის ჩამოვედით გერმანიიდან და ოფისში მივედით, კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს, “მალე იქნება”ს მეტი ვერაფერი გავიგეთ. ახლა რომ ვუკავშირდებით, ტელეფონზეც არ გვპასუხობენ“ – ამბობს დაზარალებული.

დოკუმენტების მიხედვით. უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრუება გაფორმებულია 2019 წლის 20 აპრილს (ID 26054). „შპს „ორბი ჯგუფი ბათუმში“  (შემდგომში  – „გამყიდველი,“ ს/N 445468798), წარდგენილი გენერალური დირექტორის ირაკლი კვერღელიძის მინდობილი პირის, ეკატერინე ცირდავას სახით ერთის მხრივ და ფიზიკური პირი ანზორ გოგოლაძე (მყიდველი). ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობის დასრულება გათვალისწინებულია  2019 წლის 31 დეკემბერს.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, „მედიაცნტრი მთავარი“ 26 ივლისს „ორბის“ გენერალურ დირექტორს ირაკლი კვერღელიძეს დაუკავშირდა. მას კონკრეტული პრობლემა დაწვრილებით მივწერეთ და ვთხოვეთ, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. მას შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, თუმცა, კომპანიას საჭიროდ არც ჩაუთვლია პასუხის დაფიქსირება.

 

 

მსგავსი თემები