„COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში“ – თენგიზ ცერცვაძე

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. მისივე შეფასებით, ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში.

„სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ და აღიზიანებთ ქვეყანაში COVID-19-ის სიტუაციის სტაბილურობა და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებელი. ისინი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აცხადებენ (ძირითადად სოციალურ ქსელებში), რომ თითქოს ქვეყანაში არ არის COVID-19-ის შემთხვევების ზუსტი აღრიცხვა?! მონაცემები არ ქვეყნდება?! გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები არ არის გამჭვირვალე?! არ შეესაბამება სინამდვილეს?! და ა.შ. ბოღმიან ადამიანებს რა გამოლევს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის ტყუილი, უფრო მეტიც დიდი ტყუილი. საქართველოში პანდემიის პირველი დღეებიდან დღემდე COVID-19-ის შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა ხდებოდა და ხდება ზედმიწევნით ზუსტად და გამოქვეყნებული შედეგები იყო და არის ზედმიწევნით გამჭვირვალე და სწორი. მართალია ბოლო პერიოდში მონაცემები ყოველდღე არ ქვეყნდება, მაგრამ რეგულარულად ქვეყნდება კვირაში ერთხელ (რაც სავსებით საკმარისია) და ყველასთვის ხელმისაწვდომია“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები