,,სახალხო უნდა მოვაშოროთ, „ნაცების“ დამცველია ეგ”- რიჟვაძე ლომჯარიაზე

,,სახალხო უნდა მოვაშოროთ და „ნაცებთან“ შეზრდილი, „ნაცების“ დამცველია ეგ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში და გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში,”- ასე ეხმიანება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დამცველის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც  ლომჯარიას აპარატი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და მის შეჩერებას ითხოვს.

რიჟვაძის თქმით,  ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის დისკრედიტაციისა და მით უმეტეს, შეჩერების შესაძლებლობა არავის მიეცემა.

,,ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის გახლავთ ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3 000-ზე მეტი ოჯახის მდგომარეობა. სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბავი მოვისმინეთ, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად და სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა და ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ და „ნაცებთან“ შეზრდილი, „ნაცების“ დამცველია ეგ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში და გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა ამავე დროს მინდა, განმარტება გავაკეთო, რომ არავის მივცემთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის საშუალებას და მით უმეტეს, გაჩერების შესაძლებლობას. ახლა, რაც შეეხება შედეგებს ამ ისტორიული პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ბათუმის მუნიციპალიტეტმა შესაბამის ორგანოებთან ერთად მოახერხა, რომ დაეწყო ოთხი პროექტი იმ ფინანსური რესურსით, რომელიც იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღებს შესაბამის საცხოვრისს. ასევე, მინდა მოვუწოდო სამშენებლო სექტორს, დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადონ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებებს, რომ შევძლოთ ამ პროგრამის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა, რომელიც გვაქვს, რომ 2025 წლისთვის უნდა განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის, მერიის, ყველას აქტიური ჩართულობით“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მსგავსი თემები