,,სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის განსახილველად”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.  რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან.

რეკომენდაციები, ასევე, ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოსდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.

რეკომენდაციების თანახმად, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს ფართო საზოგადოებისთვის.

,,სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის განსახილველად, გარდა ისეთი გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა გადაწყვეტილების გამოუქვეყნებლობა გამართლებულია მსხვერპლის დაცვის, ან მიმდინარე გამოძიების ინტერესით. რამდენადაც შესაძლებელია, გადაწყვეტილებები სენსიტიური საქმეების შემთხვევაშიც უნდა გამოქვეყნდეს დაშტრიხული სახით, ან გამოძიების ეტაპის დასრულების შემდგომ,”- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად უნდა შესრულდეს.

,,უნდა გაუმჯობესდეს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დამსახურების მიხედვით შერჩევისა და დანიშვნის წესები და ამ პროცესის გამჭვირვალობა. მიღებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების შესრულებას და დაადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესს,”- ნათქვამია დოკუმენტში.

 

მსგავსი თემები