,,ძალიან დიდი უმადურობაა, რომ ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე აშშ-ს”- იოსელიანი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი  „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. იოსელიანის შეფასებით, შტატების მხარდაჭერის გათვალისწინებით, ძალიან დიდი უმადურობაა, მსგავსი ტექსტებით დაპირისპირება აშშ-სთან.

„მე ვარ ამ სამუშაო ჯგუფის მონაწილე, აშშ-ის საელჩოს დოკუმენტს ვიცნობ და ეს არის რეკომენდაცია. ის, რომ იქ არის სიტყვა „უნდა“ გამოყენებული, ეს ბუნებრივია, რადგან ინგლისურში ამ სიტყვას აქვს სამი აღმნიშვნელი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის კატეგორიული და დანარჩენი ორი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ამიტომ ვურჩევდი, რომ ინგლისურ ვერსიას გაეცნონ ეს ადამიანები.

გარდა ამისა, ზოგადად არ მიმაჩნია სწორად, რომ 30-წლიანი ისტორია, რომელიც აკავშირებს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც იყო მთელი ამ 30 წლის მანძილზე საქართველოს მხარდაჭერა და სხვა არაფერი – აი, ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე, ეს არის ძალიან დიდი უმადურობა ამ ყველაფრის მიმართ. შენ რაღაც პოლიტიკურ კონტექსტს, დღეს არსებულ ინტერესს არ უნდა გადააყოლო უფრო მნიშვნელოვანი, საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა და ეს არ არის მარტო ურთიერთობა, ეს არის ყოველ ჯერზე საქართველოს მხარდაჭერა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

,,აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა მიმართულია ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ”- ,,ოცნებიდან” წასულები – (mcm.ge)

მსგავსი თემები