„უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანი დონბასის მაცხოვრებლების გენოციდისგან დაცვაა”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზი რუსეთის, მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დონბასის მაცხოვრებლების ”გენოციდისგან დაცვაა”.

„უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების სრული დაცვით. ამ ოპერაციის მიზნები მკაფიოდ და ზუსტად არის განსაზღვრული – ეს არის რუსეთისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დონბასის მაცხოვრებლების გენოციდისგან დაცვა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, უნიპოლარული მსოფლიო წესრიგის ეპოქა წარსულს ჩაბარდა.

„აშკარაა, რომ მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში საფრთხეებისა და რისკების დაძლევა, ქვეყნებს შორის ნდობის დონის ამაღლება და მათი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ თანამედროვე მრავალპოლარული სამყაროს სისტემის ფუნდამენტური გაძლიერებითაა შესაძლებელი. უნიპოლარული მსოფლიო წესრიგის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. სწორედ მრავალპოლარული მსოფლიო, რომელიც აგებულია საერთაშორისო სამართალზე და უფრო სამართლიან ურთიერთობებზე, ხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად. მათ შორისაა რეგიონული კონფლიქტები და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ტერორიზმი და კიბერდანაშაული“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები