,,ახლო კონტაქტის გარეშე ,,მაიმუნის ყვავილი” არ ვრცელდება”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში” 

,,მაიმუნის ყვავილი” არ არის საუბრით ან სხვა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექცია, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არ შეიძლება გახდეს ,,მაიმუნის ყვავილი” პანდემიის წყარო,”-   ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო კონტაქტის გარეშე ,,მაიმუნის ყვავილი” არ ვრცელდება, შესაბამისად ვირუსის გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომავალი პანდემიის საშიშროება ნაკლებადაა.

,,ბოლო კვირის განმავლობაში ,,მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით ორი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ,,მაიმუნის ყვავილი” აღიარა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობის ვირუსად და შესაბამისად მას, ერთი რანგით მაღალი კლასიფიკაცია მიენიჭა. დღეისათვის 35000 შემთხვევაა დაფიქსირებული მსოფლიოს 96 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენ ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თუმცა არის ქვეყნები, სადაც შემთხვევების რაოდენობა ბევრია. ესენია – აშშ 11 ათასი შემთხვევა, ევროპაში საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია გამოირჩევიან, სადაც 2-4 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. დანარჩენ ქვეყნებში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების რიცხვი მაღალია, ვირუსის გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ ითვლება, რომ ეს გახდეს მომავალი პანდემიის ერთ-ერთი მიზეზი. ახლო კონტაქტის გარეშე ,,მაიმუნის ყვავილი” არ ვრცელდება.
ლეტალობის 2 შემთხვევა არის დაფიქსირებული ევროპაში ( ესპანეთში). ამიტომ, არ ვთვლით, რომ ეს შეიძლება გახდეს საგანგაშო, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში სადაც ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, კორონავირუსისგან განსხვავებით, მაიმუნის ყვავილის” შემთხვევაში ვირუსის გადადება ხდება ძალიან მჭიდრო კონტაქტით.

,,ეს არ არის საუბრით ან სხვა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექცია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არ შეიძლება გახდეს ,,მაიმუნის ყვავილი” პანდემიის წყარო. გადაცემის გზა არ არის იოლი, კორონავირუსის გადაცემის წყარო კი ძალიან მარტივია. ,,მაიმუნის ყვავილის” შემთხვევაში ვირუსის გადადება ხდება ძალიან მჭიდრო კონტაქტით, კანი კანთან, დაზიანებულ არეებთან და სქესობრივი გზით”,- აღნიშნა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

კორონავირუსის მეშვიდე ტალღა – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები