„აშკარაა, საელჩოს კონსტიტუციურ წესრიგში წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს“ – სამეული კელი დეგნანზე

„სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების ინტერესი არის იმის მთავარი მიზეზი, რომ პოლიტიკიდან დისტანცირების მიუხედავად, ის დღესაც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის მთავარი ობიექტია. ამასთან, ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ეს შეტევა ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ერთდროულად არის მიმართული“ – აცხადებენ „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები და კელი დეგნანის ქმედებებს ეჭვქვეშ აყენებენ.

მათთვის განსაკუთრებით შემაწუხებელია ის, რომ „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად აცხადებენ“.

„ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემის დაკნინებაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანის დაცვას იმსახურებს, თუმცა, მას ეს დაცვა არ სჭირდება. შესაბამისად, ამ თემაზე საუბრისას, ჩვენი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაა, რაც სახელმწიფოებრივ ამოცანად მიგვაჩნია.

ყველა ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოსადმი და მისი ხელისუფლებისადმი მიდგომა საელჩოს არ შეუცვლია და ის მომავალშიც, პოლარიზაციის ხელოვნურად შენარჩუნებისა და გაღრმავების ხარჯზე, რევოლუციის მოწყობასა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ეცდება.

ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა საელჩოს გამუდმებული მოთხოვნები ისეთი სამართლებრივი რეგულაციების დადგენის შესახებ, რომელთა შემოღების შემთხვევაში ქვეყნის მართვა უკიდურესად გართულდება, ან სულაც, შეუძლებელიც კი გახდება. აღნიშნულის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ცესკოს, გენერალური პროკურორისა და მოსამართლეების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი, რასაც განვითარებული დასავლური დემოკრატიების პრაქტიკაში ანალოგი არა აქვს. აღნიშნულის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაშია დანერგილი და იქაც სერიოზული პრობლემებით მოქმედებს.

აშკარაა, რომ საელჩოს კონსტიტუციურ წესრიგში წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ რისკებს უქმნის.

ასეთ პირობებში, მხოლოდ ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყანა, ხალხის მთავარი იარაღი კი სიმართლეა, რომლითაც ის სათანადოდ უნდა იყოს აღჭურვილი. ჩვენი მთავარი ინტერესი ქვეყნის გადარჩენაა, თორემ განადგურებულ ქვეყანას გინდა სტრატეგიული და გინდაც არასტრატეგიული პარტნიორი ვეღარაფერში გამოადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლად, ხალხი საელჩოს ქმედებებთან დაკავშირებული სამწუხარო რეალობის შესახებ გავათვითცნობიეროთ, რათა სიმართლით შეიარაღებული ხალხის ძალით ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და გადავარჩინოთ.

კარგად გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა. ისინი ფიქრობენ, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საელჩოს მეორე ფრონტის ინტერესი გაუქრება და საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლების მიმართ მისი მიდგომაც შეიცვლება. ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას სამომავლოდ რომ გაუფრთხილდეს, სიმართლე გარეთ არ გამოაქვს. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ისიც უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ საზოგადოებას ფართოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიტიკის კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება“,- ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები