„არაპიკურ საათებში ელექტროენერგია გაცილებით იაფი ეღირება“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

სექტემბრიდან, საქართველოში ენერგეტიკული ბაზარი იხსნება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ  „მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაპიკურ საათებში, ქვეყანაში ელექტროენერგია გაცილებით იაფი ეღირება.

„ახალი ბაზარი არის ევროპული ტიპის ყაიდაზე დაფუძნებული ელექტროენერგიის ბაზარი, სადაც მომხმარებლები და მიმწოდებლები ბირჟაზე ივაჭრებენ ელექტროენერგიით. პირველი ეტაპი არის ყველაზე მსხვილი 22 კომპანიის გასვლა ბაზარზე. თუ ადრე ეს მომხმარებლები „თელასიდან“ და „ენერგო-პროდან“ ყიდულობდნენ ენერგიას, შემდეგ უკვე „თელმიკოდან“ და „ენერგო-პროდან“, ბაზრის გახსნის შემდეგ ეს 22 კომპანია ბაზარზე იყიდის ენერგიას. შეეძლებათ წინა დღეს დადონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგური, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი და მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე საბაზრო ფასი ჩამოყალიბდება“ – აღნიშნა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ერთ-ერთი სიკეთე, რომელიც ამ რეფორმას მოყვება, არაპიკურ საათებში ელექტროენერგიის გაიაფებაა.

„საათობრივი ვაჭრობის მთავარი სიკეთე არის ის, რომ არაპიკურ საათებში ენერგია იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე პიკურ საათებში. შესაბამისად, მათ შეეძლებათ თავიანთი წარმოება, საქმიანობა დაგეგმონ ისეთნაირად, რომ უფრო იაფი ენერგიით შეძლონ პროდუქციის წარმოება და ამით პროდუქციის თვითღირებულება შეამცირონ, ესაა ერთ-ერთი მთავარი სიკეთე ამ ყველაფრის“ – აღნიშნა  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები