„ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს“ – მეუფე ნიკოლოზ მიხეილ სააკაშვილზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა  „ვივამედი“ დატოვა, სადაც ის  მიხეილ სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი გამხდარი სააკაშვილი არასდროს უნახავს.

„რომ შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 კილოგრამი მაქვს დაკლებულიო. ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი. მე ხომ ვიცი, წონაში დაკლება რასთან არის დაკავშირებული, რამდენს ვშრომობ, რამდენს ვცდილობ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით დავიკლო წონაში და არ გამომდის არაფერი, ძალიან ძნელია. ავადმყოფობით დაკლება ძალიან ცუდია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

მეუფემ როგორც აღნიშნა, მათ ჩაი დალიეს და სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს. მან მესამე პრეზიდენტი გაამხნევა, რომ ყველაფრის უკან ეშმაკია და სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს.

„ასეთი რამ თქვა, რომ მისი ოცნებაა საქართველოში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდეს. იმ ადგილებში, სადაც მას უნდა, შეეძლოს მისვლა და ცხოვრება. ეს არის მისი თუნდაც მამული ლაგოდეხში, ყვარელში, ჩემთან ჩამოსვლა ახალქალაქში იმიტომ, რომ იქ ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით შესაძლებელი იყოს. სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ, თუმცა, ქვეყანა ვითარდება, ამის უარყოფაც არ შეიძლება. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ მკურნალობა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მსგავსი თემები