„რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“ – ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს. ტექსტი საკმაოდ ვრცელია, 8 გვერდიანია და ძირითჯადად მოღვაწეობის ანგარიშის ფორმატს მოიცავს.

„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი პერიოდისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივად, ვყოფილიყავი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და დირექტორად მუშაობისას მქონოდა საშუალება, გარკვეული წვლილი შემეტანა ჯანდაცვის სექტორის შემდგომ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, დაკისრებული მანდატის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის“ – აღნიშნულია მიმართვის პირველ ნაწილში.

მეორე ნაწილი დაწესებულების საქმიანობასა და მიღწევებს ეხება.

„ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობა და წარმატება შესაძლებელი გახდა გუნდის დაუღალავი შრომით და მისი წვლილი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაში განუსაზღვრელია. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გამოვყო ბოლო წლები, პანდემიის პერიოდი, როდესაც ცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონების და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩათვლით, მუდმივ რეჟიმში, 24/7-ზე ჩართული იყვნენ, ერთი მხრივ, ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახორციელებდნენ რუტინულ საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების ქვეყნის ყველა კუთხეში, თითოეულ მოქალაქემდე უწყვეტად მისატანად“ აცხადებს გამყრელიძე.

მესამე ნაწილის კი ბოლო 10 წლის მანძილზე განხორციელებულ რეფორმებს ეხება.

„ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების (0-5 წ. ბავშვთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობანეონატალური სიკვდილიანობა, მოზარდთა ორსულობა, აბორტების რაოდენობა) შემცირების პოზიტიური დინამიკა, ლუგარის კვლევითი ცენტრის სრული ფუნქციური ინტეგრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში და მისი შემდგომი განვითარება –გენომიკური კვლევები, ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციები, ახალი ვირუსების აღმოჩენა/იდენტიფიცირება მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით, წითელას ეპიდაფეთქების მართვა, წითურას ელიმინაცია, ცოფის ერთეულ შემთხვევებამდე დაყვანა ან საერთოდ განულება“… ვკითხულობთ მიმართვის ტექსტში.

ბოლო ნაწილი კი კოვიდ პანდემიას ეხება

„ყველა მიღწევის პარალელურად, კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი – კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი…

გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა“ – წერს გამყრელიძე 8 გვერდიან მიმართვაში.

„ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს“ – აცხადება ამირან გამყრელიძე.

 

მსგავსი თემები