“შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია“, – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის.

„რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო. რუსეთმა ყირიმს მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური უიმედობა და ომი მოუტანა. ისტორიკოსები, ალბათ, ერთ დღესაც დაადგენენ, რამდენი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ყირიმის ტერორისთვის გამოყენების შედეგად. ათიათასობით? ასიათასობით? უკრაინიდან და საქართველოდან სირიამდე და უფრო შორეულ რეგიონებამდე. ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის გათავისუფლება ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

„რუსეთის ეს ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით, მისი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს. მაგრამ ჩვენ ვამატებთ აუცილებელ კომპონენტებს ყირიმის გათავისუფლების ფორმულას”, – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ყირიმში აფეთქება მოხდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.

 

მსგავსი თემები