უდანაშაულო ადამიანის გისოსებს მიღმა მოხვედრის რეალური საფრთხე

რედაქტორის ბლოგი:

ქვეყანა, სადაც გინდა წესიერად იცხოვრო, დაიცვა კანონები, წესრიგი, გადაიხადო გადასახადები, იშრომო, მიიღო შემოსავალი, სახელმწიფოს არ დაუმალო გადასახადი, არ მოუშალო და არ მოიშალო ნერვები, არ აწყენინო და არ გაწყენინონ, გქონდეს გადაჭარბებულად მაღალი პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ, ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, არ გამოდის ისე, როგორც გინდა იცხოვრო.

რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ, მაგალითად, ღამით, როცა ყველა საქმეს მოილევ – იმუშავებ ერთ-ორ ან რამდენიმე სამსახურში, იშრომებ არანორმალურად, მიხედავ შვილებს, წაიყვან-წამოიყვან, არ გამოაკლებ არცერთი მეგობრის დღეობას, იქნები შემომტანიც და გამტანიც, მზარეულიც, დამლაგებელიც, მრეცხავიც, მასწავლებელიც (საკუთარი შვილებისთვის), უყიდი, გაასეირნებ და ასე შემდეგ, ერთი ადამიანი ყველაფერს ხარ მოდებული (ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია), ბოლოს, დააძინებ შვილებს და კიდევ უფრო ბოლოს, დაღლილ-დაქანცული, ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში სამუშაო მაგიდასთან სამუშაო კომპიუტერს ჩართავ, ათვალიერებ, კითხულობ და წერ „ნიუსებს“…

უცებ, შეიძლება შეგხვდეს რაღაც ვიდეო, თუნდაც საინტერესო სათაურით, „დააწკაპებ“ და აღმოჩნდება, შენთვის უინტერესოა, არ მიაქცევ ყურადღებას, დახურავ და გააგრძლებ შენთვის მუშაობას… თავადაც გათიშული კი გვიან დაიძინებ…

რამდენიმე საათში, ან თუნდაც დღეში, სახლში, ან იქ, სადაც ხარ, ხელებზე შესაძლოა, ბორკილები დაგადონ.

ამ ვითარებაში შესაძლოა ნებისმიერი ჩვენთაგანი აღმოჩნდეს, ამ შემთხვევაში კი საკუთარ თავსაც არ გამოვრიცხავ, რადგანაც, ზემოთ ჩამოთვლილი ყოველდღიური ცხოვრებისეული კიბე საკუთარ თავზეა. ადამიანზე, რომელსაც სხვისი პირადი არ აინტერესებს; ადამიანეზე, რომელსაც არ აინტერესებს კონკრეტული მეზობლის სახლში რა ხდება; „ის“ ვინ არის, „ეს“ რატომ ნახა სადარბაზოში „იმასთან“ ერთად,  „ამან“ „იმას“ გვიან კარზე რატომ მიუკაკუნა;  „მისი“ მანქანით რატომ მოვიდა ….  

არადა, ნამდვილად ბევრია ამ ქვეყანაზე სულიერი, ვინც სხვისი პირადით სუნთქავს… ერთი სულიერისა არ იყოს, რომელიც მართალია ჩემს კორპუსში არ ცხოვრობს, თუმცა, ჩემს ყველა მეზობელს იცნობს, დაწვრილებით იცის ვის სახლში რა ხდება, „ის“ ვისთან დადის, სად მუშაობს, ვისი „მეგობარია,“ ქმარს რატომ დაცილდა და ასე შემდეგ….   

უხამსი ვიდეოკადრი ნებისმიერს შეიძლება შეგვხვდეს სოციალურ ქსელში, პირადად არასდროს გამიხსნია, ან, თუ დასათაურება აქვს საინტერესო და არ ჩანს რა არის, შესაძლოა გავხსნა, თუ უხამსობას წავაწყდები, დარწმუნებული ვარ, ეგრევე გავთიშავ, რადგანაც, შესაძლოა, ის პორნოგრაფიად ჩავთვალო. რა დიდი რისკი და საფრთხეა ამ ყველაფერში?

რეალურად მაწუხებს კითხვა – საიდან უნდა ვიცოდე, რომ გავრცელებული უხამსი ვიდეო საიდანღაც ამოგლეჯილი პორნოგრაფია არ არის?

რატომ უნდა ჩავთვალო, რომ ის რომელიმე ცნობილი ან არაცნობილი სულიერის პირადი ცხოვრების შემცველი მასალაა და რატომ უნდა მომივიდეს თავში, სამართალდამცველებს შევატყობინო, რომ სოციალურ ქსელში, რომელსაც ძირითადად ინფორმაციისთვის ვიყენებ, პორნოგრაფიას წავაწყდი?!

და, რომ წარმოვიდგენ ბორკილებს და შემდეგ გისოსებს…. და იმას, რომ ვეღარც შემომტანი შეიძლება იყო, ვეღარც გამტანი, ვეღარც დამლაგებელი თუ ვეღარც მზარეული…

ბუნებრივია, ამ ჩემს პოზიციას, ერთი ადამიანის შიშს, არანაირი კავშირი აქვს იმ სიბინძურესთან, სადაც საუბარი გვაქვს ინფორმირებულ ქმედებებზე, როცა იცი, რომ ეს პირადი ინფორმაციის შემცველი ვიდეოკადრებია და სიამოვნებით უყურებ, თან არაერთხელ, თან ინახავ, რომ კიდევ ნახო, თან მეგობრებს უზიარებ, თან ხალისობ და სხვისი ტკივილით ტკბები და იმუხტები…

არადა, რეალურად რომ ვფიქრობ, ყოველ ფეხის ნაბიჯზეა მსგავსი საფრთხე და არ გამოდის მშვიდად, კეთილად, დადებითი მუხტით მოტივირებული ცხოვრება. თუ რატომ, სხვა რეალურ საფრთხეებზე მაშინ გავაგრძელებ, როცა დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე, სამსახურით დაწყებული, საოჯახო საქმეებით მოლეულს, სამუშაო მაგიდასთან არ ჩამეძინება.

ჩემი პოზიცია, მხოლოდ იმ ადამიანებს ეხება, ვინც წესიერად, კანონმორჩილად ცხოვრობს და უნდა, ასე გააგრძელოს.

მშვიდობიანი დღეც და ღამეც, თქვენ!

მსგავსი თემები