,,საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს”- ირაკლი კობახიძე

,,განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოში რუსეთიდან მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ,”- მის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული, რაც მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

,,რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც, მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამ აღქმის ჩამოყალიბებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ.

მაგალითად, ომისა და ღალატის პარტიის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზია რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა, თითქოს, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტს გაუტოლდა. სინამდვილეში, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები