,,არ შეიძლება, გავაღვივოთ და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში აგრესიული განწყობების შექმნას”- მიხეილ სარჯველაძე

საქართველოსთვის აბსოლუტურად არათავსებადია ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინება. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და ქსენოფობია არ უნდა გაღვივდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, თუ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეულ გადაცდომას ადგილი აქვს, სამართლიანად მშვიდობიანი გზებით უნდა მოგვარდეს.

„საქართველოსთვის აბსოლუტურად არათავსებადია ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინება. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და ქსენოფობია არ უნდა გაღვივდეს. არ შეიძლება, კონფლიქტები ვასაზრდოოთ და საზოგადოებაში კონფლიქტები არ უნდა დაიბადოს. თუ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეულ გადაცდომას ადგილი აქვს, სამართლიანად მშვიდობიანი გზებით ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობა გვაქვს. ქსენოფობისთვის ცივილიზებულ სამყაროში ადგილი არ არის. მთავარი მანკიერი ტენდენცია, რომელიც დანახულია და ღმერთმა ქნას გვეშლებოდეს, ეს არის მცდელობა იმის, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფოში გააღვივონ ქსენოფობიური განწყობები, რაც არის სამწუხარო. როცა საუბარია იმაზე, რომ მაღაზიაში ადამიანს ქართულად არ ელაპარაკებიან, ეს არის კონკრეტული დარღვევა, ამას სჭირდება რეაგირება. არ შეიძლება, გავაღვივოთ და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში აგრესიული განწყობების შექმნას. თვითგასამართლების შემთხვევა უნდა იყოს გამორიცხული, რადგან ეს არის კონფლიქტი არასამართლებრივი გზებით. ეს არ შეიძლება და კატეგორიულად მიუღებელია. თუ სადმე რამე დარღვევას ადგილი აქვს, ამას რეაგირება და სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამასთან საბრძოლველად საზოგადოებაში ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განწყობები გავაღვივოთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები