,,ბევრი ტურისტი კარგია, ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ, ყველამ დაიმახსოვროს”- მამუკა მდინარაძე

,,ბევრი ტურისტი არის კარგი. ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ, ეს ყველამ დაიმახსოვროს, – ასე ეხმიანება  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”კვლევას, რომლის თანახმად,  საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება.

მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება.

„რაც შეეხება დამოკიდებულებას, არანაირი არსებითი ცვლილება არ არის, არც ტურისტი არ არის იმდენი, რომ საგანგაშო იყოს, თან ტურისტია. როდესაც „ფეიკები“ ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 10% უკვე არის რუსების სახით შემოსული, 10% არ არის, არის 7% და ისიც ტურისტული მიზნით, უმრავლესობა გასულია და ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში. რუსიც შემოდის, უკრაინელიც, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდანაც, ევროპიდანაც და ეს ძალიან კარგია. ბევრი ტურისტი არის კარგი. ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ, ეს ყველამ დაიმახსოვროს.

მეორე, ძალიანაც უნდათ, რომ ტურიზმი ჩავარდეს, ეკონომიკა ჩავარდეს და ა.შ, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი მკაფიო პოზიცია გვაქვს- საქართველო არასდროს გახდება ე.წ. შავი ხვრელი, რომელზეც ჩემი კოლეგა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტში საუბრობდა, რომელზეც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი საუბრობდა. არავინ მიაყენოს საქართველოს შეურაცხყოფა, რომ ის როდისმე „შავი ხვრელი“ გახდება ან ახლა არის. მტკიცებულება ათასჯერ მოვითხოვეთ და რეალური განცხადების სახით პასუხი ვერასდროს დაგვიბრუნეს. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, ასეთს ვერ მოიტანდნენ, სანქციების გვერდის ავლაც არ ხდება. საქართველო „შავი ხვრელი“ არ არის და არც არასდროს იქნება. ამის სურვილი შეიძლება ვიღაცებს აქვთ, რომ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას „დაარტყან“ . საქართველოს „გაშავება“ უნდათ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება „გააშავონ“, მაგრამ ასეთი საქართველოში არ ხდება, თორემ ამის მილიონ მტკიცებულებას მოიტანდნენ. ერთი რამ არის მთავარი-ტურისტი, ეკონომიკა არის სხვა სფერო და ის სიბინძურე, რასაც ამ ქვეყანას აბრალებენ, აბსოლუტურად სხვა, ეს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” – (mcm.ge)

მსგავსი თემები