„საქართველოს მცდელობა დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ ტერიტორიულ დანაკარგს“, – რადას წარმომდგენელი დავით არახამია

რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ისევ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს. როგორც არახამია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა და აგრესორს მორგებული ქართული ხელისუფლება გამოიწვევს იმას, რომ საქართველო იქნება შემდეგი.

„როგორც ადრე ვამბობდი, რუსებთან მეგობრობა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტირებას ვერ ახდენს. ამას ჩვენ უკვე ვხედავთ ბელარუსის მაგალითზე. საქართველოს მცდელობა დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო ტერიტორიულ დანაკარგს, მაგრამ პრორუსულ ხელისუფლებას თბილისში ეს ჯერ კიდევ არ ესმის“ – აცხადებს არახამია.

მისი შეფასებით, მოსკოვი არც მალავს, რომ შემდეგი საქართველოა.

„რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციებისთვის გვერდის ავლით, და აგრესორს მორგებული ქართული ხელისუფლება გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ საქართველო იქნება შემდეგი. მოსკოვში ამას უკვე აღარც მალავენ. ამიტომ დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ნომერ პირველი მიზანი ქართველი ხალხისთვის. ეს ევროპისკენ წასვლის ერთადერთი შესაძლებლობაა, რათა არ აღმოჩნდეთ რუსი აგრესორის თათებში“, – განაცხადა არახამიამ.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა „პოსტი“, სადაც საუბარია, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფართოებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. წერილი საქართველოსაც ეხებოდა და ეწერა, რომ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. მოგვიანებით პოსტი წაიშალა და გაკეთდა განცხადება, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.

მსგავსი თემები