სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ აფუძნებენ

,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ აფუძნებენ.

როგორც დეპუტატების განცხადებაშია ნათქვამი, მოძრაობის დაფუძნების მთავარი მიზანი, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

,,საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზეც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“, რომლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება. ხალხი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც პოლიტიკის კულისებში ვითარდება.

ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, საზოგადოება შეიძლება დარჩეს დაუცველი იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც საქართველოში მშვიდობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება. საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამოვრიცხავთ, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც გარდავქმნათ. „ხალხის ძალა“ დაფუძნდება როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ჩვენს თანამოქალაქეებს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს. მისი უმთავრესი მიზანი იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხალხი არის უმაღლესი სუვერენი სახელმწიფოში,

ინფორმირებული საზოგადოება კი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ხალხმა საკუთარი ძალაუფლება სათანადოდ განახორციელოს და ქვეყანა საშინაო თუ საგარეო საფრთხეებისგან დაიცვას. საზოგადოება დაიღალა გარედან თავს მოხვეული პოლარიზაციით, რომელიც პოლიტიკურ სისტემას გაჯანსაღებისა და სათანადოდ განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. 2012 წლიდან, ხელისუფლება იძულებული იყო, გარკვეული ანგარიში გაეწია გარე ძალებისთვის, რომლებიც დანაშაულებრივ და თავისი არსით სრულიად ანტიევროპულ პოლიტიკურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას ხელოვნურად ასულდგმულებენ.

საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ სახელმწიფო მომავალში მეტად იყოს დაცული ამგვარი ჩარევისგან, რომელიც კრიმინალების მფარველობისა და დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გზით, პოლიტიკური ველის პოლარიზაციისა და პოლიტიკური სისტემის სიმყიფის ხელოვნურად შენარჩუნებისკენ არის მიმართული. სწორედ ინფორმირებულმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას საქართველოში დემოკრატიული სისტემა, სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლის უზენაესობა, რომლის გარედან შერყევის არაერთი უხეში მცდელობის მომსწრეც გავხდით განსაკუთრებით გასული ორი წლის განმავლობაში,”- ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

მსგავსი თემები