„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება დღესვე მოხდეს“ – შს მინისტრი

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. იქ, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა, შესაბამისი ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ მოხერხდეს დაღუპულთა ცხედრების პროზექტურაში გადასვენება.

„ღონისძიებები გრძელდება. ქვევით ჯგუფები მუშაობენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება დღესვე მოხდეს. თუ საჭირო გახდება ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, რომ დილამდე არ დაგვჭირდება,“ – აღნიშნა  შს მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა მედიასთან.

ამ ეტაპისთვის, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები უცნობია.

„ექსპერტები მუშაობენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. კადრების მიხედვით, რაც ვნახე, უკანა მხარე თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ მართვის დაკარგვა იწყება. ეს არ ვიცით, რამ გამოიწვია – შეცდომა იყო, გაუმართაობა, ქარის ბრალი იყო თუ რაც იყო, ალბათ, ექსპერტიზა გვეტყვის,“ – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები